საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 308. მოწმის დაკითხვის ოქმი
1. მოწმის დაკითხვის შესახებ დგება ოქმი. მასში უნდა აისახოს დამკითხველი პირის თანამდებობა და გვარი, მოწმის სახელი და გვარი, ასაკი, მოქალაქეობა, განათლება, სამუშაო ადგილი, საქმიანობა ან თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, აგრეთვე მისი ურთიერთობა ეჭვმიტანილთან, ბრალდებულსა თუ დაზარალებულთან. ოქმში უნდა აისახოს, რომ მოწმეს განუმარტეს მისი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა.
2. მოწმის ჩვენება და დასმულ კითხვაზე პასუხი გადმოცემული უნდა იყოს პირველ პირში, შეძლებისდაგვარად სიტყვასიტყვით.
3. მოწმე ჩვენებას იძლევა იმ ენაზე, რომელიც იცის. თუ მოწმემ არ იცის სამართალწარმოების ენა, დაკითხვა ხდება თარჯიმნის მონაწილეობით.
4. მოწმეს უფლება აქვს ჩვენება დაწეროს საკუთარი ხელით, რის შემდეგაც მას შეიძლება დაუსვან კითხვები.
5. დაკითხვის დამთავრებისთანავე მოწმეს უნდა გააცნონ ოქმი; მასში უნდა შეიტანონ დამატება-შესწორებანი, თუ ასეთები არსებობს.
6. ოქმს ხელი უნდა მოაწერონ მოწმემ და გამომძიებელმა, აგრეთვე დაკითხვაში მონაწილე სხვა პირებმა . ამასთან, მოწმე ხელს აწერს ოქმის თითოეულ გვერდს.
7. თუ მოწმე უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, გამომძიებელმა უნდა გაარკვიოს ამის მიზეზი, გააკეთოს შესაბამისი მინაწერი დაკითხვის ოქმის ბოლოს და დაამოწმოს ოქმი თავისი ხელმოწერით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
