საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 118. მოწმის დაკითხვა საქმის არსებითი განხილვის დროს
1. ბრალდების მოწმის დაკითხვას იწყებს ბრალდების მხარე, აგრძელებს დაცვის მხარე და პირიქით.
2. მოწმე უნდა დაიკითხოს იმ მოწმეთაგან განცალკევებით, რომლებიც ჯერ არ დაკითხულან. ამასთანავე, სასამართლო იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს დაკითხვის დამთავრებამდე ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. დაკითხვის დასრულების შემდეგ მოსამართლემ უნდა განუმარტოს მოწმეს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება.
3. არ დაიკითხება ის მოწმე, რომელიც დასაკითხად ვერ გამოცხადდება სასამართლოში ამ კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის გამო. ამ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ქვეყნდება პირის წინასასამართლო ჩვენება. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ ეს ჩვენება, თუ იგი პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება. საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418 საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
