1.მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას მაუწყებლის თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
2.მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმი მოიცავს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს და მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს.
3.მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება ქცევის კოდექსით დადგენილი წესით საჩივრდება მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, რომელსაც ქმნის მაუწყებელი ან მაუწყებელთა გაერთიანება და რომელიც ფუნქციონირებს ქცევის კოდექსის შესაბამისად. მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები ან პოლიტიკური პარტიის წევრები. მათ არ უნდა ჰქონდეთ მიღებული მონაწილეობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში. მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანო დაკომპლექტებული უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით.
4.დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ამ კანონის 55 2 მუხლის მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქარ თველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს კომისიაში.
5.მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას.
6.(ამოღებულია - 01.04.2025, №394).
7.საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.
8.მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
9.თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შესახებ.
10.დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი.
11.ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე.
12.დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში სარჩელი დაუშვებელია, თუ მოსარჩელემ დადგენილი წესით არ გამოიყენა იმავე საკითხზე კომისიისთვის მიმართვის შესაძლებლობა.
13.ეს მუხლი არ ზღუდავს პირის უფლებას, ცილისწამების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4319 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.37 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1 საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4546 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის კანონი №3597 – ვებგვერდი, 03.11.2023წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №394 - ვებგვერდი, 02.04.2025წ.






