1.სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა; ბ) თანამშრომლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; გ) თანამშრომლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობა კანონით დადგენილი წესით; დ) თანამშრომლის გარდაცვალება.
2.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს: ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას ან წელთა ნამსახურობის გამო; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რომლის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება, აგრეთვე ისეთი ტრავმის მიღების ან დაავადების შემთხვევაში, რომელიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის; გ) კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისას; დ) კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის; ე) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო; ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის; ზ) შტატების შემცირებისას; თ) საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ორგანოში არჩევისას ან დანიშვნისას; ი) ფიცის გატეხის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის გამო; კ) დანაშაულის ჩადენისათვის, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე; ლ) მხარეთა შეთანხმებით, პირადი პატაკის საფუძველზე; მ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისას; ნ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე; ო) სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დასკვნის საფუძველზე; პ) საპენსიო ასაკის გამო.
3.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. სამსახურის ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში პირი ამოირიცხება სამსახურის პირადი შემადგენლობიდან. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1927 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3510 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.






