1.საერთაშორისო დაცვაზე განცხადება უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა ინდივიდუალურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა შეისწავლონ.
2.საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ჩვეულებრივი ან დაჩქარებული წესით.
3.საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) იგი აშკარად დაუსაბუთებელია; ბ) განმცხადებელი ყალბი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტროს შეცდომაში შეყვანით ბოროტად იყენებს თავშესაფრის პროცედურას.
4.საერთაშორისო დაცვაზე განცხადება აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნევა, თუ: ა) მასში მოცემული ინფორმაცია არ უკავშირდება ამ კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებულ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლებს; ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის შეუსაბამო, წინააღმდეგობრივი ან არარეალური სავარაუდო დევნის არსებობის დასადგენად; გ) თავშესაფრის მაძიებელი მალავს საკუთარ ვინაობას ან/და მისი წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას; დ) თავშესაფრის მაძიებელი უარს აცხადებს სამინისტროსთან თანამშრომლობაზე ან მისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაზე.
5.ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლები შეისწავლება ერთიანი პროცედურით, თანამიმდევრულად, ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლების შესწავლა-შეფასებით. თუ თავშესაფრის მაძიებელი არ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ პირობებს, პროცედურა გრძელდება ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლების შესწავლა-შეფასებით.




