1.შესაბამისობის შემფასებელი პირი უნდა წარმოადგენდეს მის მიერ შემოწმებული სამშენებლო პროდუქტისგან დამოუკიდებელ მესამე პირს. ორგანიზაცია, რომელიც გაწევრიანებულია ისეთ პროფესიულ ასოციაციაში, რომელიც მონაწილეობს შემოწმებული სამშენებლო პროდუქტის დიზაინის შემუშავების, წარმოების, მომარაგების, აწყობის, გამოყენების ან ტექნიკური უზრუნველყოფის პროცესში, შესაძლებელია იყოს შესაბამისობის შემფასებელი პირი, თუ დაამტკიცებს, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს.
2.შესაბამისობის შემფასებელი ორგანო, მისი ხელმძღვანელი და პერსონალი, რომელიც უშუალოდ არის ჩართული სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში, არ უნდა იყოს მის მიერ შემოწმებული სამშენებლო პროდუქტის დიზაინერი, მწარმოებელი, მიმწოდებელი, მემონტაჟე, შემსყიდველი, მფლობელი, ან აღნიშნული პროდუქტის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, ან აღნიშნული პირების უფლებამოსილი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული პროდუქტის გამოყენება უკავშირდება მათ მოხმარებას პირადი მიზნებისთვის ან შეფასების პროცედურებით განპირობებულ აუცილებლობას.
3.აღნიშნული პირები არ უნდა იყვნენ ჩართულნი ისეთ საქმიანობაში, რომელიც გავლენას მოახდენს მათ დამოუკიდებლობასა და საიმედოობაზე აკრედიტაციით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისას. ზემოაღნიშნული აკრძალვა ეხება ასევე აღნიშნული პირების მიერ საკონსულტაციო მომსახურების გაწევას.
4.შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, უზრუნველყოს მისი კონტრაქტორების და ქვეკონტრაქტორების ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და კონფიდენციალურობის დაცვა მათ მიერ განხორციელებული შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში.
5.შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა შეეძლოს, ამ რეგლამენტის III დანართის შესაბამისად, სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში აკრედიტაციით განსაზღვრული ყველა უფლებამოსილების განხორციელება მიუხედავად იმისა, უშუალოდ ახორციელებს ამ უფლებამოსილებებს თუ სხვა პირის საშუალებით.





