Article 55. ზოგადი დებულებები
1. პირმა, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება, უნდა წარადგინოს იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტია (შემდგომ − გარანტია), თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ამ პირის ნაცვლად სხვა პირს მისცეს უფლება, წარადგინოს გარანტია.
2. საბაჟო ორგანომ შეიძლება ამ კოდექსის 59-ე მუხლის გათვალისწინებით, ერთ კონკრეტულ საბაჟო დეკლარაციასთან ან კონკრეტულ საქონელთან დაკავშირებით მოითხოვოს მხოლოდ ერთი გარანტიის წარდგენა. კონკრეტულ საბაჟო დეკლარაციასთან დაკავშირებით წარდგენილი გარანტიით უნდა დაიფაროს იმ იმპორტის გადასახდელის ოდენობა, რომლის გადახდის ვალდებულებაც წარმოიშობა ამ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ ან გაშვებულ საქონელთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, სწორად არის თუ არა შედგენილი აღნიშნული საბაჟო დეკლარაცია.
