1.დაინტერესებული პირის მიერ შესწავლის ორგანოსთვის წარდგენილი ინფორმაცია კონფიდენციალურ ინფორმაციად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის წარმდგენი პირი შესწავლის ორგანოს წარუდგენს იმის დასაბუთებას, რომ ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება კონკურენციის პირობებში უპირატესობას მიანიჭებს მესამე პირს ან ამას ექნება უარყოფითი შედეგები ინფორმაციის წარმდგენი პირისთვის ან იმ პირისთვის, რომლისგანაც დაინტერესებულმა პირმა ასეთი ინფორმაცია მიიღო. კონფიდენციალური ინფორმაცია მისი წარმდგენი დაინტერესებული პირის ნებართვის გარეშე არ უნდა გახმაურდეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, გამონაკლისი შემთხვევებისა.
2.შესწავლის ორგანო უფლებამოსილია კონფიდენციალური ინფორმაციის წარმდგენ დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს მისი არაკონფიდენციალური ვერსია. არაკონფიდენციალური ვერსია უნდა შეიცავდეს წარდგენილი კონფიდენციალური ინფორმაციის არსის გასაგებად საჭირო მონაცემებს. თუ შესწავლის ორგანოს მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის არაკონფიდენციალური ვერსიის მოთხოვნის საპასუხოდ დაინტერესებული პირი აცხადებს, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის ასეთი სახით წარდგენა შეუძლებელია, ეს პირი ვალდებულია შესწავლის ორგანოს წარუდგინოს კონფიდენციალური ინფორმაციის აღნიშნული სახით წარდგენის შეუძლებლობის დასაბუთება.


