1.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პერსონალური მონაცემი, აგრეთვე მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის წერილობითი თანხმობის გარეშე ამ მონაცემის/ინფორმაციის მესამე პირებისთვის (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის სახელმწიფო უწყებისა და მოქალაქისთვის) გამჟღავნება მისი გადაცემით (გარდა ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისთვის გადაცემისა), გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.
2.კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა ევალებათ ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც ახორციელებენ ქმედებებს საერთაშორისო დაცვის სფეროში, აგრეთვე მესამე პირებს, რომლებიც მონაწილეობენ თავშესაფრის პროცედურაში. ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები ხელმძღვანელობენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებით.
3.ინფორმაცია შეიძლება გაიცვალოს ტერორიზმთან ან ექსტრადიციასთან დაკავშირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, თუ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცული იქნება. მუხლი 6. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების მიცემა და თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა 1. ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები უზრუნველყოფენ იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების განხორციელებისა და თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის მიცემას, რომელიც საერთაშორისო დაცვას მოითხოვს.
2.ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შეიძლება არ მიეცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება.





