Article 19. ელექტრონული სისტემა
1. ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში კანონით გათვალისწინებული მოქმედებების ელექტრონული საშუალებებით შესრულებას, მათ შორის, შესაბამისი განცხადების შეტანას, ინფორმაციის გამოქვეყნებასა და ამ კანონით გათვალისწინებულ პირებს შორის გაცვლას.
2. ელექტრონულ სისტემაში განთავსდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში სასამართლოს მიერ გამოტანილი ყველა განჩინება გამოტანიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა. ელექტრონულ სისტემაში განთავსდება აგრეთვე კრედიტორთა კრების, კრედიტორთა კომიტეტის, მმართველის, რეაბილიტაციის ზედამხედველისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის გადაწყვეტილებები და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება მის ოფიციალურ გამოქვეყნებად მიიჩნევა. ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილებით განჩინება/გადაწყვეტილება დამატებით შეიძლება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე ან ბეჭდვით ორგანოებში, მათ შორის, საერთო-სახელმწიფოებრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში.
3. ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესაბამისი ადრესატისთვის ჩაბარებულად/შესაბამისი ადრესატის მიერ მიღებულად ჩაითვლება მისი ელექტრონულ სისტემაში განთავსების მომენტიდან.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
