1.საბჭოს საქმიანობის ეფექტიანად და საჯაროდ წარმართვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფუნქციონირებს საბჭოსთვის განკუთვნილი სპეციალური ელექტრონული მოდული (შემდგომ – ელექტრონული მოდული).
2.ელექტრონულ მოდულში ქვეყნდება საბჭოსთვის წარდგენილი საჩივრები, მათთვის დართული დოკუმენტები, საჩივრებზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საჩივრების განხილვასთან დაკავშირებული სხვა მასალები, აგრეთვე ამ კანონითა და საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
3.საბჭო/საბჭოს აპარატი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეტყობინებას/ინფორმაციას აგზავნის ელექტრონული მოდულის მეშვეობით, რაც ითვლება შესაბამისი პირისთვის შეტყობინების/ინფორმაციის ჩაბარებად.
4.საბჭო/საბჭოს აპარატი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების/ინფორმაციის გასაგზავნად გამოიყენოს აგრეთვე კომუნიკაციის სხვა საშუალებები (ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინება)), რაც ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად.
5.ელექტრონულ მოდულში არსებული ინფორმაცია საჯაროა, გარდა იმ პერსონალური მონაცემებისა, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნებას არ ექვემდებარება.
6.ელექტრონული მოდული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ნაწილია. ელექტრონული მოდულის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სააგენტო. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული მოქმედებების შესასრულებლად საბჭოს წევრებს/საბჭოს აპარატის შესაბამის თანამშრომლებს აღნიშნულ სისტემაზე ხელი შეუფერხებლად მიუწვდებოდეთ. ელექტრონულ მოდულს ავითარებს და მასში სათანადო ცვლილებები შეაქვს სააგენტოს საბჭოს მიმართვის ან თანხმობის საფუძველზე. საბჭო ვალდებულია საბჭოს რეგლამენტის ან მასში შესატანი ცვლილების პროექტის ის ნაწილი, რომლის მიღებაც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში/ელექტრონულ მოდულში სათანადო ცვლილების შეტანას საჭიროებს, საქართველოს მთავრობისთვის წარდგენამდე სააგენტოს შეუთანხმოს. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6730 – ვებგვერდი, 16.07.2020წ.






