1.დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია სამხედრო მოსამსახურის ან/და სამხედრო სამსახურის დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.
2.დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) რიგგარეშე განწესში დანიშვნა; დ) დასვენების უფლების შეზღუდვა; ე) წოდებრივი სარგოდან დაქვითვა (წოდებრივი სარგოს 5 პროცენტიდან 40 პროცენტამდე დაკავება 1 თვიდან 12 თვემდე ვადით); ვ) სადისციპლინო ქულის დაკლება; ზ) სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა; თ) სამსახურიდან გათავისუფლება.
3.ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება მხოლოდ ერთი სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა.
4.ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურესა და სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს.
5.ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს.
6.ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეების დისციპლინური პასუხისმგებლობა იუნკერსა და სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელს არ ეკისრება.




