Article 20. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომები და დისციპლინური სახდელები
1. მსუბუქი ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი.
2. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) სამსახურისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოსამსახურისა და სამსახურის დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ; დ) უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელის კანონიერი მითითების ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა; ე) მოსამსახურეთა ეთიკის ნორმების დარღვევა.
3. დისციპლინური გადაცდომა მძიმეა, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია მისი ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად შეილახა სამსახურის რეპუტაცია ან ზიანი მიადგა მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად სამსახურს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა; დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე მოსამსახურემ ახალი დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა; ე) მოსამსახურემ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, მისი ანალოგი, პრეკურსორი ან მოიხმარა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, თუ ეს ქმედება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
