1.წყალმომარაგების ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
2.ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება სასმელი წყლის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს მიმწოდებელისა და მომხმარებლის უფლება - მოვალეობებს სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა ან/და მოხმარების დროს.
3.ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს წყალმომარაგების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
4.მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყალმომარაგების, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).
5.წყალმომარაგების ხელშეკრულების პირობები, ასეთი ხელშეკრულების მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
6.მიმწოდებელს უფლება არ აქვს მომხარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.
7.მიმწოდებელმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული და არგუმენტირებული წერილობითი პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ორი კვირის განმავლობაში.
8.მიმწოდებელი ვალდებულია შეიმუშაოს და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა მოთხოვნის შესახებ განცხადების, ამ წესების შესაბამისი, ტიპური ფორმები (მომხმარებელთაგან მრავალგზის შესული განცხადებების მიხედვით).
9.ამ წესების მიზნებისათვის სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი – საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი.
10.საყოფაცხოვრებო მომხმარებელს უფლება აქვს მოხმარებულ სასმელ წყალზე ანგარიშსწორება აწარმოოს სულადობის მიხედვით ან ინდივიდუალური მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, საყოფაცხოვრებო მომხარებელს უფლება აქვს უარი განაცხადოს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე.






