1.საცალო მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ნებისმიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
2.საცალო მომხმარებელი ვალდებულია ახალი ან გარემონტებული (შეკეთებული) გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციაში გაშვებამდე უზრუნველყოს აღნიშნული გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საცალო მომხმარებლის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ახალი ან გარემონტებული (შეკეთებული) გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება.
3.განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვალდებულია შეამოწმოს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარებისა და მოწყობილობების შესაბამისობა ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან.
4.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უარი განაცხადოს საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, როდესაც საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემა, მათ შორის, ქსელი გაუმართავია ან/და მის გაზის ხელსაწყოებს (გათბობის აგრეგატი, წყალგამაცხელებელი, გაზქურა და სხვა ხელსაწყოები, რომლებიც მოიხმარენ ბუნებრივ გაზს) არ გააჩნია წარმოების დეკლარაცია შესაბამისობის შესახებ ან შესაბამისობის სერტიფიკატი და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია (ხელსაწყოს ტექნიკური მახასიათებლები, მისი მონტაჟისა და ექსპლუატაციის ტექნიკური პირობები და სხვა ინფორმაცია), აგრეთვე, თუ აშკარაა, რომ საცალო მომხმარებლის გაზის ხელსაწყოების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს გაზმომარაგების სისტემაზე ან/და განაწილების ლიცენზიატის შესაძლებლობაზე, სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება ამ ან/და სხვა მომხმარებლებს. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეწყვიტოს ამ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება აღნიშნული წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
5.მიმწოდებელი ან/და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არ არიან მომხმარებელს წინასწარ აცნობონ არაგეგმური შემოწმების სავარაუდო თარიღი და პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია დაუშვას მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი მის მფლობელობაში არსებულ ქსელთან, დანადგარებთან და სხვა სახის ხელსაწყოებთან. ამასთან, მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის, ფორმისა და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან შემოწმება განახორციელონ ერთობლივად, ურთიერთშეთანხმებულ დროს, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ ჩატარებული წინასწარ ურთიერთშეუთანხმებელი შემოწმება საჭიროებს შემმოწმებლის მიერ წერილობით განმარტებას, შესაბამისად, მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიმართ.
6.საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატი ბუნებრივი გაზის მრიცხველის, ასევე, საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების, ხელსაწყოებისა და მათი ქსელთან მიერთების სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.
7.მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია მისი სარეზერვო-ალტერნატიული კვებით უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას). განაწილების ლიცენზიატს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს სარეზერვო-ალტერნატიული კვებით უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად (ეს მოთხოვნა ასევე გამოიყენება მომხმარებლის იმ სათავსოების ან/და სხვა დანიშნულების ობიექტების, ან/და დანადგარების ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის, რაც მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნდა განხორციელდეს განცალკევებულად).
8.განაწილების ლიცენზიატმა დაინტერესებულ პირს (მათ შორის, საცალო მომხმარებელს) უნდა მისცეს იმ დანადგარების დროებით გამოყენების საშუალება (მიერთების მილსადენის, გაზდანადგარებისა და მოწყობილობების სამონტაჟო-საექსპლუატაციო და სხვა ტექნიკური მახასიათებლების ტექნიკურ რეგლამენტსა და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემთხვევაში), რაც განპირობებულია საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორცილებლად. აღნიშნული საჭიროებს განაწილების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებას. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ურთიერთობები წარმოებს შემდეგი წესით: ა) გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთება და, საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას, აღნიშნული უნდა შესრულდეს დაინტერესებული პირის ხარჯზე განაწილების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებით; ბ) მხარეებს შუძლიათ შეთანხმდნენ ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე დანადგარის ქსელთან მიერთების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ურთიერთშეთანხმებული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს; გ) იმ შემთხვევაში, როდესაც დანადგარის (დანადგარების) გამოყენების შედეგად მოხმარებული ბუნებრივი გაზის სრული ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მათ შორის შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, ბუნებრივი გაზის სრული ოდენობის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს გამოყენებული დანადგარის დადგმული სიმძლავრისა და მუშაობის რეჟიმის შესაბამისად, ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს.
9.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განაცხადოს დასაბუთებული უარი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, როდესაც მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემა, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელი გაუმართავია ან/და გაზდანადგარებს (გათბობის აგრეგატი, წყალგამაცხელებელი, გაზქურა ან/და სხვა დანადგარები, რომლებიც მოიხმარენ ბუნებრივ გაზს) არ გააჩნია შესაბამისი წარმოების დეკლარაცია შესაბამისობის შესახებ ან შესაბამისობის სერტიფიკატი და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია (ხელსაწყოს ტექნიკური მახასიათებლები, მისი მონტაჟისა და ექსპლუატაციის ტექნიკური პირობები და სხვა ინფორმაცია), აგრეთვე, თუ აშკარაა, რომ დანადგარების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს ბუნებრივი გაზით მომარაგების სისტემაზე ან/და განაწილების ლიცენზიატის შესაძლებლობაზე, სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება მას ან/და სხვა მომხმარებლებს.






