1.მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემა დასაშვებია, თუ არსებობს მონაცემთა დამუშავების ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები და შესაბამის სახელმწიფოში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიები.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის გარდა, მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემა დასაშვებია, თუ: ა) მონაცემთა გადაცემა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით; ბ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირსა და შესაბამის სახელმწიფოს, ასეთი სახელმწიფოს სათანადო საჯარო დაწესებულებას, იურიდიულ პირს ან ფიზიკურ პირს ან საერთაშორისო ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულებით; გ) მონაცემთა გადაცემა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (საგამოძიებო მოქმედების განხორციელების მიზნით), „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ან „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტით; დ) შესაბამის სახელმწიფოში მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არარსებობისა და შესაძლო საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ მონაცემთა სუბიექტი განაცხადებს წერილობით თანხმობას; ე) მონაცემთა გადაცემა აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არა აქვს, მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა განაცხადოს; ვ) არსებობს კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი (მათ შორის, დანაშაულის თავიდან აცილება, გამოძიება, გამოვლენა და სისხლისსამართლებრივი დევნა, სასჯელის აღსრულება და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება) და მონაცემთა გადაცემა აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მონაცემთა გადაცემა შეიძლება მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნებართვის მიღების შემდეგ, რომლის გაცემის წესი დგინდება გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით.
4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით მონაცემთა გადაცემის შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მიიღოს მონაცემთა უსაფრთხო გადაცემისთვის აუცილებელი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები.
5.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მონაცემთა გადაცემის შემთხვევაში მონაცემთა გადაცემის შესახებ შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს სავალდებულო სამართლებრივი ძალის მქონე შესასრულებელ პირობებს.
6.სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემული მონაცემების შემდგომი გადაცემა მესამე მხარისთვის დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა შემდგომი გადაცემა ემსახურება თავდაპირველ მიზნებს და აკმაყოფილებს მონაცემთა გადაცემისთვის ამ მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებსა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებს. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

