1.აღკვეთის ღონისძიების სახეებია: გირაო, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და პატიმრობა.
2.აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ბრალდებულის მიმართ შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს: ვალდებულება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე გამოცხადდეს სასამართლოში; გარკვეული საქმიანობის ან პროფესიის განხორციელების აკრძალვა; სასამართლოში, პოლიციაში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში ყოველდღიურად ან სხვა პერიოდულობით გამოცხადებისა და ანგარიშგების ვალდებულება; სასამართლოს მიერ დანიშნული უწყების ზედამხედველობა; ელექტრონული მონიტორინგი; ვალდებულება გარკვეულ ადგილას ყოფნისა გარკვეულ საათებში ან უამისოდ; გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვა; სპეციალური ნებართვის გარეშე გარკვეულ პირებთან შეხვედრის აკრძალვა; პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება; სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მისაღწევად.
3.თუ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხთან ერთად პრიორიტეტულად განიხილავს ბრალდებულისათვის იარაღის ჩამორთმევის ვალდებულების დაკისრების ან/და გარკვეულ ადგილზე შესვლისა და დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის საკითხს. საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2706 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი № 3715 – ვებგვერდი, 24.06.2015წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №768 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2396 – ვებგვერდი, 08.06.2018წ.






