1.სადისციპლინო კოლეგია შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან 3 წევრი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, ხოლო 2 წევრი მოსამართლე არ არის. სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრის კანდიდატურის დასახელება შეუძლია მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. სადისციპლინო კოლეგიის იმ წევრებს, რომლებიც მოსამართლეები არ არიან, ირჩევს საქართველოს პარლამენტი. სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის, დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, მათი განხილვის, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენისა და სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩევის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. სადისციპლინო კოლეგიის წევრი აირჩევა 4 წლის ვადით.
2.საქართველოს პარლამენტმა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა.
3.საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ სადისციპლინო კოლეგიის წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
4.სადისციპლინო კოლეგიის წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
5.მოსამართლე არ შეიძლება იყოს სადისციპლინო კოლეგიის წევრი, თუ მას ბოლო 5 წლის განმავლობაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.
