ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
მუხლი 20. კომისიის შემადგენლობა
1. კომისია შედგება საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 5 წევრისგან.
2. კომისიის წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.
3. კომისიის წევრი უნდა სარგებლობდეს კარგი რეპუტაციით და აკმაყოფილებდეს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით მის მიმართ დადგენილ ეთიკისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნებს. კომისიის წევრთა მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. კომისიის წევრობის კანდიდატს ასახელებს საქართველოს მთავრობა ღია, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კონკურსის საფუძველზე. კონკურსის ორგანიზებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შექმნილი შესარჩევი კომისია.
5. შესარჩევი კომისია იქმნება საქართველოს მთავრობის მიერ და შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან არანაკლებ 3 წევრისა უნდა იყოს დამოუკიდებელი, კერძოდ, არ უნდა წარმოადგენდეს საქართველოს საჯარო მოსამსახურეს, სახელმწიფო-პოლიტიკური ან პოლიტიკური თანამდებობის პირს ან რეგულირებულ საწარმოში დასაქმებულ ან საწარმოს მართვის ორგანოებში დანიშნულ პირს. მათ შორის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლოა შედიოდნენ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ დანიშნული წარმომადგენლები. შესარჩევი კომისია იქმნება შესაძლო კომისიის წევრობის კანდიდატებთან დაგეგმილ გასაუბრებამდე 14 დღით ადრე მაინც და მისი უფლებამოსილების ვადა არის 3 წელი. შესარჩევი კომისია საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს. შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
