Article 16. ნოტარიუსის რეგისტრაცია საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში და მის მიერ სანოტარო საქმიანობის დაწყება
1. ნოტარიუსი თანამდებობაზე დანიშვნიდან 2 თვის ვადაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატას წარუდგენს: ა) სამსახურებრივ ბეჭედს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებულ ხელმოწერის ნიმუშს; ბ) სავალდებულო პროფესიული დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს; გ) დოკუმენტს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილი წესის შესაბამისად აღჭურვილი სანოტარო ბიუროს მფლობელობის/საკუთრების თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ახორციელებს ნოტარიუსის რეგისტრაციას საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში და ანიჭებს ნოტარიუსს ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის უფლებას, რის შემდეგაც ნოტარიუსი უფლებამოსილია განახორციელოს სანოტარო საქმიანობა.
3. (ამოღებულია – 22.05.2012 ,№6255 ) .
4. საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრის ფორმასა და წარმოების წესს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.
5. ყოველი წლის დასაწყისში, არაუგვიანეს 1 თებერვლისა, იუსტიციის მინისტრი ბრძანებით განსაზღვრავს ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალურ რაოდენობას და იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხას, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა იყოს ამ რაოდენობის განსაზღვრის დროისათვის თანამდებობაზე მყოფი ნოტარიუსების საერთო რაოდენობაზე ნაკლები. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 10 დეკემბრის კანონი №4610 - ვებგვერდი, 22.12.2015წ.
