1.დეკლარაციის „F“ ბლოკში ,,სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეფასება“ მოცემული გრაფები ივსება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე.
2.„F1“ ,,ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი შეფასება“ და „F2“ ,,ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება“ პუნქტებით გათვალისწინებული ველების შესავსებად გადაწყვეტილება მიიღება ოჯახის წევრებისა და ბინის/სახლკარის მდგომარეობის ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე. ამ გრაფებში უნდა შემოიხაზოს მხოლოდ ერთი შესაბამისი პასუხის კოდი.
3.„F1“ პუნქტით გათვალისწინებული ველების შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა შემოხაზოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საკუთარი სუბიექტური შეფასების მხოლოდ ერთი შესაბამისი პასუხის კოდი. ამასთან: ა) ღატაკად შეიძლება ჩაითვალოს შინამეურნეობა თუ მის წევრ(ებ)ს მძაფრად უდგათ შიმშილის პრობლემა, სხვისი დახმარების გარეშე არ შეუძლიათ მოიპოვონ ის მინიმალური საკვები, რაც აუცილებელია მათი ჯანმრთელობის (სიცოცხლის) შენარჩუნებისათვის, ან მათი შემოსავალი სრულად ვერ ყოფნის იმ საკვების შეძენასაც კი, რაც საჭიროა შინამეურნეობის წევრების ნორმალური კვებისათვის; გ) ღარიბად შეიძლება ჩაითვალოს შინამეურნეობა თუ მის წევრებს საკუთარი შემოსავლებით შეუძლიათ მხოლოდ საკვების შეძენა, მათი შემოსავალი სრულად ვერ ყოფნის სხვა აუცილებელი საგნებისა თუ მომსახურების შეძენას (მაგ.: ხშირ შემთხვევაში არ შეუძლიათ ისეთი აუცილებელი საგნების ყიდვა, როგორიცაა წამლები, სახელმძღვანელოები, პირადი ჰიგიენის საგნები და სხვა); დ) საშუალო შეძლების მქონედ შეიძლება ჩაითვალოს შინამეურნეობა, რომელიც აუცილებელი მოთხოვნილებების გარდა, მეტნაკლებად იკმაყოფილებს სხვა დამატებით მოთხოვნილებასაც (მაგ.: შესაძლებელია ზოგჯერ მოიძებნოს შინამეურნეობაში საშუალება იმისა, რომ გაწეულ იქნას ხარჯები ოჯახის წევრის დასვენებაზე, სარემონტო სამუშაოებზე და სხვა); ე) მდიდრად შეიძლება ჩაითვალოს შინამეურნეობა, რომელიც მარტივად იკმაყოფილებს ყოველდღიურ და სხვა სამომხმარებლო მოთხოვნებს, აქვს საშუალება შეიძინოს საქონელი ან/და მომსახურება ოჯახის წევრ(ებ)ის კომფორტისათვის;
4.დეკლარაციის „F2“ პუნქტში შემოიხაზება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის ხარისხის შესაბამისი პასუხის კოდი. ამასთან: ა) მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის ხარისხის შეფასების შესაძლო პასუხებიდან („სანდოა“, „მოწოდებული ინფორმაცია საჭიროებს დამატებით გადამოწმებას“) უნდა შემოიხაზოს მხოლოდ ერთი შესაფერისი პასუხი; ბ) თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი შეგნებულად მალავს სიმართლეს, მან უნდა შემოხაზოს პასუხი - „მოწოდებული ინფორმაცია საჭიროებს დამატებით გადამოწმებას“ და აღნიშნული დააზუსტოს ყველა შესაბამისი პასუხის კოდის შემოხაზვით (მაგ.: „მალავს შემოსავლებს“, „მალავს საცხოვრისს“, „არასწორად უთითებს წევრ(ებ)ის ფიზიკურ მდგომარეობას“ და ა.შ.).
5.„F3“ პუნქტში – გათვალისწინებული ველების შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ოჯახში მცხოვრებ 0-18 წლამდე ბავშვებთან მიმართებით უნდა შემოხაზოს შესაბამისი პასუხი, ამასთან, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტისას ბავშვ(ებ)ის არყოფნის შემთხვევაში „F3“ პუნქტში მიეთითება შესაბამისი პასუხი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 13 მაისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 13.05.2022წ.

