1.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ამ კარით დადგენილი წესით განახორციელონ სსა-ის/ტექნიკური საშუალების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი.
2.ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დასაშვებია სსა-ის/ტექნიკური საშუალების გამოყენების წესების დაცვის კონტროლის სისტემატურად განხორციელების მიზნით.
3.სსა-ის/ტექნიკური საშუალების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი ხორციელდება შემდეგი ფაქტების გამოვლენის მიზნით: ა) სსა-ის/ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის წესების დარღვევა; ბ) სსა-ის/ტექნიკური საშუალების გამოუყენებლობის და გამოყენების წესების დარღვევა; გ) ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება; დ) სსა-ის დაკარვა; ე) ჩგდ- ის გამოყენების წესების დარღვევა; ვ) სსა-ის/ტექნიკური საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა; ზ) ამ კარით გათვალისწინებული სხვა პირობების დარღვევა.
4.სსა-ების/ტექნიკური საშუალების გამოყენების წესების დაცვის კონტროლის სისტემატურად განხორციელების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შემდეგ, უფლებამოსილია: ა) შეამოწმოს სსა - ის/ტექნიკური საშუალების: ა.ა) არსებობა; ა.ბ) სარეგისტრაციო ბარათი და მისი მონაცემების ფაქტობრივ მონაცემებთან შესაბამისობა; ა.გ) ტექნიკური გამართულობა; ბ) სსა-დან/ტექნიკური საშუალებიდან ამობეჭდოს კონკრეტული პერიოდის მიხედვით ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი უფლებამოსილების გარდა, საგადასახადო ორგანოს შესაბამის უფლებამოსილ პირს, სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (ვიდეო- ან აუდიოჩანაწერების საშუალებით) ან მის გარეშე, უფლება აქვს: ა) სსა-დან/ტექნიკური საშუალებიდან ამობეჭდოს კონკრეტული პერიოდის მიხედვით ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ და დაადგინოს ამ თანხების პირის საბუღალტრო დოკუმენტაციაში ასახვის სისწორე; ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და სსა-ის/ტექნიკური საშუალების მაჩვენებლები შეუდაროს სალაროში არსებულ ნაღდ ფულს; გ) შესთავაზოს პირს, წარმოადგინოს სალაროში არსებული ფულადი სახსრები და შესაბამისი წერილობითი განმარტება ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ; დ) მოახდინოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა პირის ან მისი წარმომადგენლის სალაროში არსებული მთელი ფულის სრული დათვლის გზით.
6.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, უფლებამოსილია საგადასახადო სამართლდარღვევის ფაქტის დაფიქსირებამდე არ გაამჟღავნოს თავისი სამსახურებრივი მიზანი (გამოვიდეს ფსევდომომხმარებლის როლში) და სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (ვიდეო ან აუდიო ჩანაწერების საშუალებით) ან მის გარეშე მოახდინოს მოლარის მიერ სხვა მომხმარებლისთვის სსა-ის/ტექნიკური საშუალებიდან გამოუყენებლობის ან ამობეჭდილი ქვითრის (ჩეკის) წარუდგენლობის ფაქტის გამოვლენა. აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს შესაბამის სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ერთსა და იმავე ობიექტში სისტემატურად.
7.სსა-ის/ტექნიკური საშუალების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურები შესაძლებელია ჩატარდეს დამსწრეების გარეშე. ამასთან, ამ მუხლის მე-6 პუნქტით და 22-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებისას დამსწრის არარსებობის შემთხვევაში, სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენება (ვიდეო ან აუდიო ჩაწერის წარმოება) სავალდებულოა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 16.12.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 7 ივლისის ბრძანება №206 - ვებგვერდი, 07.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №238- ვებგვერდი, 30.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 11 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 12.01.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 29 ივნისის ბრძანება №208 - ვებგვერდი, 30.06.2022წ. თავი VI დათვალიერება

