1.საინკასო დავალება გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის შესახებ წარედგინება იმ საბანკო დაწესებულებას, რომელშიც გადასახადის გადამხდელს გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში.
2.საინკასო დავალების გამოყენების, შევსების და გაფორმების წესი რეგულირდება „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით.
2¹.შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება: ა) საინკასო დავალება არ გავრცელდეს იმ საბანკო ანგარიშებზე, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები „სახელმწიფო პენსიის შესახებ“,,,სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის მიზნით; ბ) ფიზიკური პირის მოთხოვნის შემთხვევაში, საინკასო დავალება გავრცელდეს, მის საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე არსებული თანხიდან, თვეში მხოლოდ 300 ლარის ოდენობის ზემოთ არსებულ ფულად სახსრებზე.
3.საბანკო დაწესებულების უფლებამოსილი პირი ადასტურებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და საინკასო დავალებების მიღებას საინკასო დავალებების ასლებზე ხელმოწერით და ბეჭდის დასმით, თარიღისა და დროის (საათი, წუთი) მითითებით.
4.თუ ცენტრალურ ( სათავო ) საბანკო დაწესებულებას აქვს მონაცემთა ბაზების ცენტრალიზებული დამუშავების ელექტრონული სისტემა, საინკასო დავალების წარდგენა ხდება საბანკო დაწესებულების ცენტრალურ (სათავო) ან უშუალოდ იმ ფილიალში, სადაც მოვალეს გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში. მონაცემთა ბაზების ცენტრალიზებული დამუშავების ელექტრონული სისტემის არარსებობის შემთხვევაში კი საინკასო დავალების წარდგენა ხდება უშუალოდ იმ საბანკო დაწესებულებაში, სადაც მოვალეს გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში.
4¹.შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბანკო დაწესებულება საინკასო დავალების მიღების შემდეგ საგადასახადო ორგანოს ელექტრონული შეტყობინებით აცნობებს მისი შესრულების შესაძლებლობის შესახებ და საგადასახადო ორგანოდან მიღებული საპასუხო შეტყობინების მიხედვით სრულად ან ნაწილობრივ ასრულებს საინკასო დავალებას, რის შესახებაც აცნობებს საგადასახადო ორგანოს, ხელშეკრულებით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად.
5.საბანკო დაწესებულება ვალდებულია უპირობოდ შეასრულოს საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება. ამასთან, საბანკო დაწესებულება ვალდებულია: ა) ამ მუხლის 2 1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საინკასო დავალება არ გაავრცელოს იმ საბანკო ანგარიშებზე, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, „სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის მიზნით; ბ) ამ მუხლის 2 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საინკასო დავალება გაავრცელოს ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე არსებული თანხიდან, თვეში მხოლოდ 300 ლარის ოდენობის ზემოთ არსებულ ფულად სახსრებზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 19 მაისის ბრძანება №297 - ვებგვერდი, 20.05.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 25 ივლისის ბრძანება №281 - ვებგვერდი, 30.07.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 25.12.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №251- ვებგვერდი, 06.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის ბრძანება №110 - ვებგვერდი, 06.05.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 24 იანვრის ბრძანება №10 - ვებგვერდი, 28.01.2025წ. თავი XIV პირის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება

