1.საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია შემოსავლების სამსახურს, როგორც წესი, ელექტრონული ფორმით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით წარუდგინოს განცხადება „საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“ დანართი №I-12 2 შესაბამისად.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში განცხადება ხელმოწერილი უნდა იყოს პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ. ამასთან, თუ განცხადება ხელმოწერილია წარმომადგენლის მიერ, განცხადებას უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ უნდა იყოს მითითებული საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის უფლებამოსილება.
3.შემოსავლების სამსახური განიხილავს ამ მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ განცხადებას და, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პირის პირადი აღრიცხვის დროებით ბარათზე აღრიცხულ შესაბამის თანხებს, განცხადების რეგისტრაციის დღიდან არაუგვიანეს მესამე სამუშაო დღისა, ასახავს (გადაიტანს) ამავე პირის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე.
4.შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, რა დროსაც პირის პირადი აღრიცხვის დროებით ბარათზე აღრიცხული შესაბამისი თანხები პირის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე აისახება (გადაიტანება) ამ მუხლის მე-3 პუნქტისგან განსხვავებულ ვადებში.
5.იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 (ათი) კალენდარულ დღეს, რის თაობაზეც პირს ეცნობება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით.
6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადით ჩერდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან. ამასთან, თუ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ; ბ) შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში პირის მიერ განცხადების წარმოდგენის თარიღად ჩაითვლება განცხადების თავდაპირველად წარმოდგენის თარიღი.
7.ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანხის პირის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ასახვის (გადატანის) შემდეგ, პირის მიერ განცხადების გამოხმობა აღარ დაიშვება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №296 - ვებგვერდი, 14.11.2025წ. დანართი №I-12 2 (იხილეთ თანდართული რედაქციით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №296 - ვებგვერდი, 14.11.2025წ.

