1.პირი, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული წესი (შემდგომში – გამარტივებული აღრიცხვის წესი) აწარმოებს შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნს (შემდგომში – აღრიცხვის წიგნი) №II-02 დანართის მიხედვით, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით პირველადი საღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე აისახება საანგარიშო (საგადასახადო) პერიოდის ყველა სამეურნეო ოპერაცია, აღნიშნული წიგნი შესაძლებელია იყოს როგორც ქაღალდზე ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ფორმის.
2.(ამოღებულია - 23.06.2026, №196) .
3.პირს, საგადასახადო წლის მიხედვით, როგორც წესი, უნდა ჰქონდეს ერთი აღრიცხვის წიგნი. ამასთან, გადამხდელს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით (რამდენიმე სტაციონარული ობიექტების არსებობა და მათი რეგიონების მიხედვით განთესვა და სხვა), შესაძლებელია ჰქონდეს ერთზე მეტი აღრიცხვის წიგნი.
4.(ამოღებულია - 23.06.2026, №196) .
5.პირი, რომელიც იყენებს აღრიცხვის გამარტივებულ წესს, აღრიცხვის წიგნში ასახავს შემოსავლების მიღებასთან და ხარჯების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციას. ამასთან, დასაბეგრი შემოსავალი განისაზღვრება თანხების (შემოსავლის) მიღების ან გამოყენების და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტში, ხოლო ხარჯები – ფაქტობრივი განაღდების მიხედვით. აღნიშნული პირობა არ ეხება ამორტიზირებად აქტივებს.
6.პირი, რომელიც აღარ არის ვალდებული ან/და აღარ აქვს უფლება გამოიყენოს გამარტივებული აღრიცხვის წესი, ვალდებულია შეწყვიტოს აღრიცხვის წიგნის წარმოება.
7.პირმა უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობის სააღრიცხვო მაჩვენებლების მთლიანობა, უწყვეტობა და უტყუარობა, რაც აუცილებელია საგადასახადო ბაზის განსაზღვრისათვის.
8.პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებს, რომლებიც შედგენილია უცხო ენაზე უნდა ჰქონდეთ თარგმანი ქართულ ენაზე.
9.აღრიცხვის წიგნი იხსნება ერთ კალენდარულ წელზე, იგი უნდა იყოს ზონარგაყრილი და დანომრილი (გარდა ელექტრონული ფორმისა). ზონარგაყრილი და დანომრილი წიგნის ბოლო გვერდზე აღინიშნება მასში არსებული ფურცლების რაოდენობა, რაც დამოწმებული უნდა იქნეს გადამხდელის ხელმოწერით და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში).
10.(ამოღებულია - 23.06.2026, №196) .
11.წიგნის წარმოება, დადგენილ შემთხვევებში, გადამხდელს არ ათავისუფლებს სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებისაგან.
12.წიგნში შეცდომების შესწორება უნდა იყოს დასაბუთებული შესწორების თარიღის მითითებით, ქაღალდზე ნაბეჭდის შემთხვევაში, ასევე დამტკიცებული გადამხდელის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
13.აღრიცხვის წიგნის სვეტებში აისახება: ა) პირველ სვეტში – რეგისტრირებული ოპერაციის რიგითი ნომერი და თარიღი; ბ) მე-2 სვეტში – მიღებული შეკვეთა ან პირველადი დოკუმენტის დასახელება (სასაქონლო ზედნადები, მიღება-ჩაბარების აქტი, და სხვა), თარიღი და ნომერი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ოპერაცია. ამასთან, მიღებული შეკვეთა ან მიღებული (შეძენილი) საქონელი წიგნში ფიქსირდება დაუყოვნებლივ, მიუხედავად მისი შესრულების ან ანაზღაურების დროისა. ფაქტობრივი ანაზღაურების მომენტები აისახება შენიშვნის გრაფაში; გ) მე-3 სვეტში – თავისუფალი ტექსტით მიეთითება სამეურნეო ოპერაციის (მიღებული შეკვეთა, შეძენილი საქონელი, გაცემული ხელფასი და სხვა) შინაარსი; დ) მე-4 სვეტში – საქონლის (მომსახურების) რეალიზაციიდან, აგრეთვე არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სარგებელი. თუ გადამხდელის საქმიანობა დაკავშირებულია მომხმარებელთა დიდ რიცხოვნობასთან, მას უფლება აქვს წიგნის მე-4 სვეტში მონაცემები ყოველდღიური ჯამური შემოსავლების შესახებ, ასახოს სამუშაო დღის ბოლოს საკონტროლო სალარო აპარატის ყოველდღიური მაჩვენებლის მიხედვით; ე) მე-5 სვეტში – საგადასახადო კოდექსით გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები.
14.აღრიცხვის წიგნში შეიტანება ძირითადი საშუალებების შეძენის და რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლების (გამოსაქვითი ხარჯების) ოდენობა განისაზღვრება ამორტიზირებადი აქტივებისათვის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
15.კალენდარული წლის ბოლო დღეს წიგნი იხურება და მასში დაფიქსირებული შემოსავლებისა და ხარჯების ჯამური მაჩვენებლები აისახება შესაბამისი გადასახადების წლიურ დეკლარაციებში (გაანგარიშებებში).
16.გადამხდელებმა გამარტივებული აღრიცხვის წესზე გადასვლის შემთხვევაში, უნდა დაიცვან შემდეგი წესები: ა) ყველა შეკვეთა, რომლებიც გამარტივებული აღრიცხვის წესზე გადასვლის მომენტისათვის არ არის დასრულებული ექვემდებარება წიგნში ასახვას; ბ) აღრიცხვის წიგნში ასახავს ექვემდებარება აგრეთვე ფულადი სახსრები, რომლებიც მიღებულია აღრიცხვის გამარტივებულ წესზე გადასვლის შემდეგ, თუ აღნიშნული თანხები მიღებულია გამარტივებულ წესზე გადასვლამდე მიწოდებულ საქონელზე (მომსახურებაზე).
17.წიგნის შენახვის ვადაა არანაკლებ 3 წელი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №87 – ვებგვერდი, 21.03.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 23 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 24.06.2026წ. დანართი №II-02 (იხილეთ თანდართული რედაქციით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 23 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 24.06.2026წ. დანართი №II-03 (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 23 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 24.06.2026წ.

