1.ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი იხსნება პროგრამულად, საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისთანავე, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბარათები შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში.
2.არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოში მუდმივი დაწესებულების გარეშე საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, პირადი აღრიცხვის ბარათი საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოში იხსნება მისი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების დეკლარირების ან ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვისა და დაბრუნების შემთხვევაში.
3.პირისათვის, რომელიც იხდის იმპორტის გადასახდელს, პირადი აღრიცხვის ბარათი იხსნება მის მიერ საბაჟო პროცედურის განხორციელებისას, ხოლო მისი იდენტიფიცირება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.ბარათებში და აღრიცხვის ფორმებში მიეთითება გადასახადის გადამხდელის სრული დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი და საგადასახადო წელი (პერიოდი), ხოლო იმ გადასახადის გადამხდელთა ბარათზე, რომლებიც იყენებენ დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმებს, ბარათზე მიეთითება აგრეთვე იმ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის სახე, რომელსაც იყენებს გადასახადის გადამხდელი.
5.ბარათებზე და აღრიცხვის ფორმებში მონაცემთა შეტანის საფუძველს წარმოადგენს: ა) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციები (გაანგარიშებები), მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციები; ბ) საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოსა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების შემოწმების/კონტროლის მასალები და სხვა სათანადო ინფორმაცია; გ) საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს მიერ გაფორმებული დასკვნები (მათ შორის, საბაჟო პროცედურის განხორციელებისას წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების და გადასახადის გადახდის ვადების გაგრძელების შესახებ დასკვნები); დ) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაცია; ე) გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია; ვ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები; ზ) სამართალდარღვევის ოქმები; თ) საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება საგადასახადო (მათ შორის, იმპორტის გადასახადის გადახდის) ვალდებულების გადავადებაზე, განსაზღვრაზე ან შემცირებაზე; ი) სახელმწიფო ხაზინიდან და საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული ამონაწერები და სხვა დოკუმენტები; კ) კომერციული ბანკის ან მისი მომსახურე საანგარიშსწორებო – საპროცესინგო ცენტრის მიერ მიწოდებული ელექტრონული შეტყობინება გადახდის ოპერაციის შესახებ; ლ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად გადასახადის ან/და სანქციის თანხის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება.
6.ბარათებისა და აღრიცხვის ფორმების წარმოების წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 13 იანვრის ბრძანება №22 – ვებგვერდი, 16.01.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №503 – ვებგვერდი, 06.12.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №319 – ვებგვერდი, 27.10.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 13.01.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №339 – ვებგვერდი, 23.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.

