1.თუ საქონელს ან მომსახურებას დასაბეგრი პირი იყენებს როგორც ოპერაციებისთვის რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ისე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს, ხორციელდება დღგ-ის თანხის მხოლოდ იმ ნაწილის ჩათვლა, რომელიც მიეკუთვნება ოპერაციებს, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.
2.დღგ-ის ჩასათვლელი ნაწილი გამოითვლება წილადის მიხედვით და ფიქსირდება პროცენტად, სადაც: ა) მრიცხველი არის დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული იმ ოპერაციების წლიური ბრუნვის თანხა, დღგ-ის გარეშე, რომელთან დაკავშირებითაც დღგ ექვემდებარება ჩათვლას; ბ) მნიშვნელი არის დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული იმ ოპერაციების წლიური ბრუნვის თანხა, დღგ-ის გარეშე, რომელიც მრიცხველშია ასახული და დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული ოპერაციებისა, რომლებზეც დღგ არ ექვემდებარება ჩათვლას.
3.დღგ-ის ჩათვლას დაქვემდებარებული პროპორციული წილის გამოთვლისას, არ გაითვალისწინება ბრუნვის თანხა რომელიც უკავშირდება: ა) დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი საქმიანობისთვის გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებას; ბ) უძრავ ნივთთან დაკავშირებულ ან ფინანსურ ოპერაციებს, თუ ეს ოპერაციები არ არის დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობა.
4.საანგარიშო პერიოდის მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება: ა) წინა საგადასახადო წელს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დაფიქსირებული წლიური პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც ზუსტდება მიმდინარე საგადასახადო წლის წლიური პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, ამავე წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში; ბ) ყოველ საანგარიშო პერიოდში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დაფიქსირებული თვის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც ზუსტდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში, წლიური პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, თუ წინა საგადასახადო წლის შესაბამისი წლიური პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირებული არ არის.
5.თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად, როგორც ოპერაციებისთვის რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ისე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება შემდეგი წესით: ა) თუ დასაბეგრი პირის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ს ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის (საქონლის/მომსახურების მიწოდებათა ჯამური თანხა, დღგ-ს გარეშე) 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება; ბ) დასაბეგრ პირს, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს დღგ-ის ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.
6.ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის, ყოველწლიურად გასაუქმებელი (ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) ან ჩასათვლელი (ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) დღგ-ის თანხა გაიანგარიშება: ა) უძრავ ნივთზე – დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების დაწყების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობით; ბ) სხვა ძირითად საშუალებებზე – დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების დაწყების წლიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეხუთედის ოდენობით.
7.დასაბეგრ პირს უფლება აქვს, სრულად ჩაითვალოს დღგ, თუ მიმდინარე საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაუმიჯნავ ოპერაციებში, ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია. ამასთან: ა) თუ კალენდარული წლის მიხედვით გაუმიჯნავ ოპერაციებში, ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, არ არის საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლები, მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში ამ პუნქტის შესაბამისად ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გაუქმებას; ბ) თუ ცალკეული საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაუმიჯნავ ოპერაციებში, ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, არ არის საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლები, ხოლო კალენდარული წლის მიხედვით გაუმიჯნავ ოპერაციებში, ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია, დასაბეგრი პირი უფლებამოსილია მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში დამატებით ჩაითვალოს ამ პუნქტის მიხედვით ჩაუთვლელი დღგ-ის თანხა.
8.დასაბეგრი პირის მიერ, საკუთარი წარმოების შენობის/ ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების ან/და მის მიერ განხორციელებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტის შემთხვევებში, მიუხედავად იმისა, აღნიშნული წარმოადგენს თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე და 160 1 მუხლების შესაბამისად დასაბეგრ ოპერაციებს, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება იმ ფარგლებში, როგორც ის გავრცელდებოდა შესაბამისად, შენობის/ნაგებობის ან სარემონტო მომსახურების სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში.
9.ამ მუხლით გათვალისწინებულ წლიური ბრუნვის თანხაში: ა) ასევე შეიტანება შესაბამისი წლის საანგარიშო პერიოდებში საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე მიღებული ანაზღაურება/ანაზღაურების ნაწილი, თუ შესაბამისი ოპერაცია დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დროს; ბ) არ გაითვალისწინება ის ოპერაციები, რომელთა დაბეგვრის დრო არ არის შესაბამისი წლის საანგარიშო პერიოდებში.
10.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი, XVIII თავის მიზნებისათვის განიხილება ძირითად საშუალებად და მასზე ვრცელდება ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 5 მარტის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 09.03.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 16 ივლისის ბრძანება №170 - ვებგვერდი, 19.07.2021წ.

