1.დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების ან ძირითადი საშუალებების მიწოდების დროს, ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი/გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება საგადასახადო წლების მიხედვით, ამ ძირითადი საშუალებების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება ამ ინსტრუქციის 73-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წლებიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ (რეგისტრაციის საგადასახადო წლის ჩათვლით) დარჩენილი წლების მიხედვით, დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად, კერძოდ: ა) დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება ამ ინსტრუქციის 73-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით, თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად როგორც ოპერაციებისთვის, რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ისე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია; ბ) დასაბეგრ პირს უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან არაუგვიანეს დეკემბრის საანგარიშო პერიოდისა სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად მხოლოდ ისეთ ოპერაციებში, რომლებზეც გააჩნია ჩათვლის მიღების უფლება.
2¹.იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად 2021 წლის 1 იანვრამდე და რეგისტრაციის თარიღამდე ექსპლუატაციაში შესულ ძირითად საშუალებებზე ვერ განახორციელა დღგ-ის ჩათვლა, უფლება აქვს 2021 წლიდან ჩათვლისთვის განსაზღვრული დარჩენილი წლების პროპორციულად განსაზღვრული დღგ-ის თანხა ჩაითვალოს ყოველი წლის ბოლოს დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად.
3.დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმებისას ან/და დასაბეგრი პირის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას ამ ძირითადი საშუალების საკუთრებაში დატოვების შემთხვევაში: ა) თუ აღნიშნული ქმედება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას ან დღგ-საგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით, ითვლება რომ დარჩენილ პერიოდზე (იმ წლის ჩათვლით, როდესაც განხორციელდა რეგისტრაციის გაუქმება ან ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტა) აღნიშნული ძირითადი საშუალება მთლიანად გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში, რომლებზეც დასაბეგრ პირს აქვს ჩათვლის უფლება; ბ) თუ აღნიშნული ქმედება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას ან დღგ-საგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლების გარეშე, ითვლება რომ დარჩენილ პერიოდზე (იმ წლის ჩათვლით, როდესაც განხორციელდა რეგისტრაციის გაუქმება ან ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტა) აღნიშნული ძირითადი საშუალება მთლიანად გამოყენებულია ოპერაციებში, რომლებზეც დასაბეგრ პირს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება.
4.დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმებისას ან დასაბეგრი პირის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას ამ ძირითადი საშუალების საკუთრებაში დატოვების შემთხვევაში თუ აღნიშნული ქმედება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას (იბეგრება დღგ-ით), დასაბეგრ პირს უფლება აქვს ამ ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდში: ა) სრულად ჩაითვალოს ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ, თუ გასულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-6 ნაწილით ამ სახის ძირითადი საშუალებისათვის განსაზღვრული ვადა; ბ) ჩაითვალოს ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის ნაწილი გასული წლების პროპორციულად, თუ გასული არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-6 ნაწილით ამ სახის ძირითადი საშუალებისათვის განსაზღვრული ვადა.
5.თუ დასაბეგრი პირის მიერ ძირითადი საშუალების მიწოდება განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, ითვლება, რომ მიწოდებული აქტივები სრულად გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში, რა დროსაც: ა) თუ მიწოდების ოპერაცია იბეგრება დღგ-ით ან გათავისუფლებულია დღგ-საგან ჩათვლის უფლებით, ითვლება რომ დარჩენილ პერიოდზე (იმ წლის ჩათვლით, როდესაც განხორციელდა მიწოდება) აღნიშნული ძირითადი საშუალება მთლიანად გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში, რომლებზეც დასაბეგრ პირს აქვს ჩათვლის უფლება; ბ) თუ მიწოდების ოპერაცია არ იბეგრება დღგ-ით ან გათავისუფლებულია დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე, ითვლება რომ დარჩენილ პერიოდზე (იმ წლის ჩათვლით როდესაც განხორციელდა მიწოდება) აღნიშნული ძირითადი საშუალება მთლიანად გამოყენებულია ოპერაციებში, რომლებზეც დასაბეგრ პირს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №254 - ვებგვერდი, 01.10..2021წ.

