1.იმპორტირებული და ადგილობრივი ნაწარმისათვის განკუთვნილი გამოუყენებელი მატერიალური ფორმის აქციზური/არააქციზური მარკის უკან დაბრუნების მიზნით, გადასახადის გადამხდელი ელექტრონული განაცხადით მიმართავს შერჩეულ პირს. გამოუყენებელი მატერიალური ფორმის აქციზური/არააქციზური მარკის უკან დაბრუნება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის დასტურის საფუძველზე.
2.გამოუყენებული მატერიალური ფორმის აქციზური მარკების უკან დაბრუნება ხორციელდება შერჩეული პირის მიერ აქციზური მარკების შესწავლის შედეგების შემოსავლების სამსახურისთვის შეტყობინების შემდეგ, შემოსავლების სამსახურისგან მიღებული დასტურის შესაბამისად, როგორც ნაწილობრივი, ასევე, 79 2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეფუთვების ფორმით. თამბაქოსათვის განკუთვნილი აქციზური მარკების დაბრუნების შემთხვევაში, უკან დაბრუნებული აქციზური მარკების შეფუთვების ფორმები უნდა შეესაბამებოდეს მის გაცემისას არსებულ ფორმებს, გარდა 79 2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რულონური (თვითწებადი) შეფუთვის ფორმებისა.
2¹.გამოუყენებელი მატერიალური ფორმის აქციზური მარკების უკან დაბრუნების დროს დგება: ა) „გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნების მიღება-ჩაბარების აქტი“ (დანართი №IV-06 2 ) 3 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს პირის ან მისი წარმომადგენლის, შემოსავლების სამსახურის და შერჩეული პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა პირს ან მის წარმომადგენელს; ბ) „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისა და დარიცხული აქციზის თანხის შემცირების შესახებ აქტი“ (დანართი №IV-06 1 ) დგება 3 ეგზემპლარად, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების დადასტურება და მათი შეძენისას დარიცხული აქციზის თანხის ოდენობის შემცირება. ამასთან, აქტი დამოწმებული უნდა იყოს შემოსავლების სამსახურის, შერჩეული პირის და სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს ან მის წარმომადგენელს.
3.დაბრუნებული მატერიალური ფორმის აქციზური/არააქციზური მარკის ნომინალური ღირებულების საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.
4.დაზიანებული მატერიალური ფორმის აქციზური/არააქციზური მარკა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
5.შერჩეული პირი ახდენს უკან დაბრუნებული აქციზური/არააქციზური მარკის აღრიცხვასა და უტილიზაციას. უტილიზაცია ხორციელდება შემოსავლების სამსახურთან შეთახმებით, უფლებამოსილი პირების თანდასწრებით.
6.თუ აქციზური/არააქციზური მარკებით ნიშანდებულ იქნა ამავე მარკების სახეობისთვის შეუსაბამო საქონელი, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შესაბამისი მარკები ჩათვალოს დაბრუნებულად და უტილიზირებულად, თუ შესრულდება ქვემოთ მოცემული ყველა პირობა: ა) საბაჟო საწყობში განხორციელდა ან/და საგადასახადო ორგანოს მიერ გამოვლინდა არასწორი ნიშანდება; ბ) აქციზურ/არააქციზურ მარკებზე სრულყოფილად იდენტიფიცირდება შესაბამისი რეკვიზიტები; გ) შერჩეული პირისთვის და საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია ინფორმაცია (რეესტრი) შესაბამისი საქონლის დასახელების, რაოდენობის და მათზე დაკრული აქციზური/არააქციზური მარკების სერიული ნომრის/სერიული ნომრის დიაპაზონის მითითებით. აღნიშნული ინფორმაციის (რეესტრის) სისწორე ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებულია (არსებობის შემთხვევაში) გადასახადის გადამხდელის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.
7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) შესაბამისი ინფორმაციის (რეესტრის) წარდგენიდან შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ადგილზე გადაამოწმოს ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე; ბ) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შერჩეულ პირს და საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს: ბ.ა) შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, მის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული (არსებობის შემთხვევაში) აქტი შესაბამისი მარკების განადგურების შესახებ; ბ.ბ) არაუგვიანეს საქონლის მიწოდებისა ან საბაჟო საწყობიდან გატანის მომენტისა, ინფორმაცია (რეესტრი) შესაბამისი საქონლის დასახელების, რაოდენობის და მათზე დაკრული ძველი და ახალი მარკების სერიული ნომრების/სერიული ნომრების დიაპაზონების მითითებით.
8.გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცხადდება ბათილად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №209 – ვებგვერდი, 20.06.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 15 აპრილის ბრძანება N106 - ვებგვერდი, 16.04.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №248 - ვებგვერდი, 07.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №346 - ვებგვერდი, 19.11.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 29 ივლისის ბრძანება №262 - ვებგვერდი, 01.08.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 24 თებერვლის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 25.02.2026წ.

