„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 6^1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულებები პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებით
1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას.
2. თუ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებულისა, დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) ხელმძღვანელობისგან მიიღოს ასეთ კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან მისი გაგრძელების ნებართვა; ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი კლიენტის ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობის დასადგენად; გ) განახორციელოს ასეთ კლიენტთან თავისი საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი.
3. თუ კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე მონიტორინგის განმახორციელებელ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე განახორციელოს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2829 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.103 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5580- ვებგვერდი, 28.12.2011 წ. მუხლი 7. მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით 1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტები), აგრეთვე კლიენტის ანგარიშის შესახებ დოკუმენტაცია, საქმიანი კორესპონდენცია და ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები (მათ შორის, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესით მოწოდებული) მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეინახოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს, და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას დაუყოვნებლივ წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოებს.
