1.სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში საჩივრის შეტანიდან ხუთი დღის ვადაში სააგენტოს თავმჯდომარე ქმნის საჩივრის განმხილველ კომისიას სამი წევრის შემადგენლობით, კომისიის თავმჯდომარის ჩათვლით. კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს სააგენტოს თანამშრომელი, ხოლო დანარჩენი ორი წევრი ინიშნება მოდავე მხარეთა წარდგინებით.
2.სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო საჩივრის მიღებისთანავე ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ შემსყიდველ ორგანიზაციას.
3.საჩივრის შემტანი და შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულნი არიან სააგენტოს თავმჯდომარის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ წარუდგინონ სააგენტოს საჩივრის განმხილველი კომისიის წევრის კანდიდატურა.
4.საჩივრის განმხილველი კომისია საჩივარს განიხილავს კომისიის სხდომაზე.
5.საჩივრის განმხილველი კომისიის სხდომის დღეს ნიშნავს მისი თავმჯდომარე და იწვევს სხვა წევრებს, რომლებიც ვალდებულნი არიან გამოცხადნენ დანიშნულ დროსა და ადგილს. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ყველა წევრი.
6.საჩივრის განმხილველი კომისია ყველა გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით. გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის იმ წევრს, რომელიც არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი განსხვავებული მოსაზრება ჩამოაყალიბოს წერილობითი სახით, რომელიც ერთვის სხდომის ოქმს.
7.თუ საჩივრის განმხილველი კომისიის მიერ საჩივრის და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად დადასტურდება საჩივრის სამართლიანობა, სააგენტოს თავმჯდომარეს სააგენტოში საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში საჩივრის განმხილველი კომისიის წარდგინებით გამოაქვს წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) გადაწყვეტილების მიღების დასაბუთებას; ბ) საჩივრის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში იმ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართული იქნება საჩივარში განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
8.სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა, თუ იგი არ გასაჩივრებულა სასამართლო წესით.
