1.სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, რეგისტრაციაში ატარებენ: ა) მესაკუთრეს და მესაკუთრის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე (მათ შორის არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი), შვილები, ნაშვილები, მშვილებელი, ნაშვილებისა და მშვილებლის მეუღლე (მათ შორის არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი), შვილიშვილები, შვილიშვილის შვილები, შვილების, შვილიშვილებისა და შვილიშვილის შვილების მეუღლეები (მათ შორის არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი), ბებია, პაპა, და ან ძმა და მათი მეუღლეები (მათ შორის არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი), და-ძმის შვილები, შვილიშვილები და შვილიშვილის შვილები, ასევე ამ უკანასკნელთა მეუღლეები (მათ შორის არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი), მეურვე, მზრუნველი ან სხვა ნათესავი (მაგალითად, დეიდა, მამიდა, ბიძა, ბიცოლა და სხვ.); ბ) პირებს, რომლებიც მოხსნილი არიან რეგისტრაციიდან (გარდა მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ვადის გასვლის შემთხვევისა) ან რომელთა რეგისტრაცია ძალადაკარგულად/ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს მიერ; გ) პირებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ მისამართის მითითების გარეშე და რომელთა პირადობის ელექტრონული მოწმობა შეჩერებულია რეგისტრაციის მოქმედების ვადის გასვლის გამო, და რეგისტრაციას გაივლიან კონკრეტულ მისამართზე ამ წესის შესაბამისად; დ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქართველოში მცხოვრებ უცხოელს; ე) პირებს, რომლებიც პირველად გაივლიან მისამართზე რეგისტრაციას ამ წესის შესაბამისად.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა, პირის მისამართზე რეგისტრაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში.
3.პირის რეგისტრაციაში გატარებისა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ერთდროულად მიმდინარეობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ხორციელდება პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის გათვალისწინებულ ვადაში.
4.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები უფლებამოსილი არიან გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა, გააგრძელონ რეგისტრაციის ვადა, თუ ვადის გაგრძელება აუცილებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების დადგენა/დაზუსტებისათვის, მოქალაქეობის დადგენის, ამ ბრძანების მე-13 მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად ან/და რეგისტრაციისათვის აუცილებელი სხვა საკითხის გადაწყვეტისათვის. ვადის გაგრძელების თაობაზე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 ივლისის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.

