1.თუ, დამისამართების მოუწესრიგებელი სისტემის გამო, დასახლებაში ან მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირების მისამართს (რეგისტრაციის ადგილს) წარმოადგენს დასახლება ან მუნიციპალიტეტი და არა – კონკრეტული სახლი, შესაბამის დასახლებაში ან მუნიციპალიტეტში დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების ან/და ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) შემთხვევაში, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში სააგენტოს მიერ ხდება მათი მისამართების დაზუსტება (კონკრეტული სახლის მითითებით).
2.თუ, დამისამართების მოუწესრიგებელი სისტემის გამო, მრავალბინიან სახლში მცხოვრები პირების მისამართს (რეგისტრაციის ადგილს) წარმოადგენს მრავალბინიანი სახლი და არა – კონკრეტული ბინა, შესაბამის მრავალბინიან სახლში დამისამართების სისტემის მოწესრიგების (ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) შემთხვევაში, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში სააგენტოს მიერ ხდება მათი მისამართის დაზუსტება (კონკრეტული ბინის მითითებით).
3.თუ, დამისამართების მოუწესრიგებელი სისტემის გამო, ერთსა და იმავე ქუჩაზე მდებარე ორ ან მეტ სახლს ან/და მრავალბინიან სახლს, ასევე ერთ მრავალბინიან სახლში მდებარე ორ ან მეტ ბინას, აქვს იდენტური ნუმერაცია, შესაბამისი სახლების/ბინების დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების/ ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) შემთხვევაში, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ხდება ამ სახლებში/ბინებში მცხოვრები პირების მისამართის დაზუსტება (კონკრეტული სახლის/ბინის მითითებით).
4.თუ პირს სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ან/და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში განსაზღვრული აქვს არასრული მისამართი ან/და მისამართი, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით აღარ არსებობს, და შესაძლებელია მისამართის სრულად იდენტიფიცირება, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში სააგენტოს მიერ ხდება სრული/სწორი მისამართის შესახებ ჩანაწერის შესრულება.
5.მისამართის დაზუსტება შესაძლებელია, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება მისამართის ან მისამართის რომელიმე კომპონენტის ცვლილების თაობაზე, ან/და თუ მისამართის შესახებ ჩანაწერი შეტანილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრში.
6.მისამართის დაზუსტება შეიძლება განხორციელდეს: ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე; ბ) მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე – მხოლოდ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ) დამისამართების სისტემის მოწესრიგებისათვის სხვადასხვა საველე ან/და პრაქტიკული სამუშაოების განმახორციელებელი იმ ორგანიზაციის, დაწესებულების ან უშუალოდ ამ სამუშაოების განმახორციელებელი პირის (პირთა ჯგუფის) მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შესაბამის სამუშაოს აწარმოებს სააგენტოსთან თანამშრომლობის საფუძველზე ან სააგენტოს მონაწილეობით.
7.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მისამართის დაზუსტება არ წარმოშობს პირისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის ვალდებულებას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №140 - ვებგვერი, 25.10.2011 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №295 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 ივლისის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.

