1.თუ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა არ შეიცავს (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესახებ ინფორმაციას და მისი მფლობელი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვა დადგენილი აქვს გადამოწმების გარეშე (უვადოდ) და არ აქვს შეჩერებული/შეწყვეტილი აღნიშნული სტატუსი, ამ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვისა და QR კოდით ხელმისაწვდომობის (გადამოწმების) უზრუნველყოფის მოთხოვნით პირს შეუძლია უფლებამოსილ ორგანოს მიმართოს ამ წესის 28-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
2.დაინტერესებულ პირს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე უარი უნდა ეთქვას, თუ: ა) განმცხადებელი არ წარადგენს ამ წესის 31 3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვა დადგენილი აქვს გადამოწმების გარეშე (უვადოდ); ბ) უფლებამოსილ ორგანოში არ იძებნება ინფორმაცია პირის გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ; გ) პირს შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი; დ) შეჩერებულია მასზე გაცემული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება.
3.ამ მუხლის შესაბამისად პერსონალიზებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა დაინტერესებულ პირს გადაეცემა ამ წესის 34-ე მუხლით დადგენილი წესით.
4.გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ ინფორმაცია QR კოდის მეშვეობით ხელმისაწვდომია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების ვადით/პერიოდში.
5.სააგენტო გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახვასა და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 10 ივლისის ბრძანება №745 - ვებგვერდი, 10.07.2021 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1114 - ვებგვერდი, 02.10.2025 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1119 - ვებგვერდი, 31.10.2025 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.

