1.სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა შეიძლება გასცენ მხოლოდ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ არა აქვთ მინიჭებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილება. ამ შემთხვევებში ტერიტორიული სამსახურების მიერ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე „საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ქართულ და ქართულ-აფხაზურ ენოვანი ბლანკების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 და „საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 23 ივნისის №616 ბრძანებებით განსაზღვრული ფორმების შესაბამისად.
2.პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში ასევე შეიძლება გასცენ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა აღნიშნული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე წარდგენილ იქნა შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისათვის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებამდე.
3.ამ წესის 50-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც დოკუმენტებში არსებული ურთიერთშეუსაბამობა, უზუსტობა, აგრეთვე ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნები აღმოჩნდება იმ პირის სახელზე გაცემულ (შედგენილ) დოკუმენტებში, რომელიც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 11 ივლისისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონების შესაბამისად, გათავისუფლებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
4.ამ წესით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერის, მერიის სტრუქტურული ერთეულისა და მუნიცპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ფუნქციებს ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებში ასრულებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგეობის სტრუქტურული ერთეული და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი.
5.2015 წლის 11 აგვისტომდე მისამართზე რეგისტრირებული პირის რეგისტრაციის მისამართი სააგენტოს მიერ ზუსტდება მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თუ შენობა-ნაგებობის ნუმერაციის იდენტიფიცირება შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამისამართების სისტემის მოწესრიგების (შენობების ნუმერაციის განსაზღვრის) ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით, თუმცა ამავე გადაწყვეტილებით არ დასტურდება სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში არსებული პირის რეგისტრაციის მისამართის იდენტურობა (შენობა-ნაგებობის ნუმერაცია) სისტემური დამისამართების შედეგად განსაზღვრულ ნუმერაციასთან.
6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისამართი შესაძლებელია დაზუსტდეს დამისამართების სისტემის მოწესრიგებისათვის სხვადასხვა საველე ან/და პრაქტიკული სამუშაოს განმახორციელებელი იმ ორგანიზაციის, დაწესებულების ან უშუალოდ ამ სამუშაოს განმახორციელებელი პირის (პირთა ჯგუფის) მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შესაბამის სამუშაოს აწარმოებს სააგენტოსთან თანამშრომლობით ან სააგენტოს მონაწილეობით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №119 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №295 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის 2019 წლის 26 დეკემბრის საოქმო ჩანაწერი №1/12/1404 - ვებგვერდი,03.01.2020 წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/1404 – ვებგვერდი, 08.06.2020წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.

