1.საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს: ა) საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი; ბ) პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას.
2.განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით, და საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლის ყოლის დამადასტურებელი საბუთი (ასეთი წარმომადგენლის ყოლის შემთხვევაში). პარტიის რეგისტრაციის მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით, ეს სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით.
3.განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის: ა) სახელი, რომელიც მიეთითება საარჩევნო ბიულეტენში. ეს სახელი უნდა შეესატყვისებოდეს პარტიის წესდებაში აღნიშნულ სახელწოდებას ან/და მის შემოკლებულ დასახელებას. ამასთანავე, განცხადებაში პარტიის სახელი შეიძლება აღინიშნოს ისე, რომ პარტიის წესდებაში აღნიშნული სახელწოდებიდან ან/და მისი შემოკლებული დასახელებიდან ამოღებულ იქნეს ცალკეული სიტყვები, აბრევიატურები ან/და სასვენი ნიშნები სხვა სიტყვების, აბრევიატურების ან/და სასვენი ნიშნების დამატების გარეშე. სახელი, რომლითაც პარტია დარეგისტრირდა, საარჩევნო ბიულეტენში უცვლელად მიეთითება; ბ) ხელმძღვანელი პირის/პირების გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერის ნიმუში; გ) წარმომადგენლის/წარმომადგენლების გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი; დ) რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება და მისი შემოკლებული დასახელება არ უნდა ემთხვეოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პოლიტიკური პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას (თუ ისინი ერთმანეთს ემთხვევა, პოლიტიკურ პარტიას არა აქვს აღნიშნული სახელწოდებისა და მისი შემოკლებული დასახელების გამოყენების უფლება).
5.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცესკოს სათანადო სამსახური განცხადების მიღებისთანავე პარტიის წარმომადგენელს აძლევს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და არა უგვიანეს ცესკოში განცხადების შეტანის მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.
6.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს თავმჯდომარე: ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 3 დღე ეძლევა განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის.
7.ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული განცხადება და საბუთები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 2 დღის ვადაში. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
8.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა ცესკოს თავმჯდომარე წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. შესწორებული განცხადება და საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს 3 დღის ვადაში.
9.პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. პარტიის მხარდამჭერთა სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური პარტიის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.
10.თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე ცესკოს სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 42-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განკარგულებას (ამ განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
11.არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიების სიას განცხადებების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.
12.პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე; ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში; გ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3266) ; დ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3266) ; ე) თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა; ვ) თუ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა მის პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2015 წლის 24 დეკემბრის ორგანული კანონი №4715 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ. მუხლი 114. (ამოღებულია) საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
