1.პაციენტისათვის მედიკამენტის დანიშვნას ახდენს მზღვეველის მიერ შერჩეული მიმწოდებელი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით . ამასთანავე , მიმწოდებელიც და აფთიაქიც ვალდებულნი არიან დაზღვეულს მიაწოდონ სრული ინფორმაცია დანიშნული მედიკამენტის აფთიაქის ამა თუ იმ ფილიალში არსებობის , სავაჭრო დასახელებების არსებული სრული ასორტიმენტის და მათი სრული ფასის შესახებ .
2.მზღვეველი და შესაბამისი მიმწოდებელი ვალდებულნი არიან მოახდინონ რეცეპტის ავტორიზაცია მედიკამენტის დანიშვნისთანავე დაზღვეულისათვის დამატებითი ბარიერების შექმნის გარეშე .
3.დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ მედიკამენტის გამოწერა რეცეპტის გარეშე . ასევე დაუშვებელია აფთიაქის მიერ დაზღვეულისათვის პროგრამით გათვალისწინებული და მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელი (სრულად ან თანაგადახდით) მედიკამენტის გაცემა რეცეპტის გარეშე . რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები არ ანაზღაურდება მზღვეველის მიერ. მედიკამენტზე გაცემული საგარანტიო წერილი რეცეპტს არ ჩაანაცვლებს .
4.დაზღვეული რეცეპტს ( ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით ) წარადგენს პირადად ან სხვა პირის მეშვეობით მზღვეველის მიერ შერჩეულ აფთიაქში .
5.მზღვეველი ვალდებულია აფთიაქის შერჩევა მოახდინოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით .
6.აფთიაქი ვალდებულია დაზღვეული უზრუნველყოს შესაბამისი მედიკამენტებით მხოლოდ რეცეპტის წარდგენის შემდეგ , რომელიც ავტორიზებულია მზღვეველის მიერ .
7.აფთიაქი ვალდებულია სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტის თითოეულ დასახელებაზე დაადგინოს ერთი ფასი , მიუხედავად რეალიზაციის პუნქტის გეოგრაფიული მდებარეობისა .
8.აფთიაქი და მზღვეველი ვალდებულნი არიან მიაღწიონ შეთანხმებას მედიკამენტების სრულ ფასზე . შეთანხმებული ფასების გადახედვა შესაძლებელია მოხდეს წელიწადში ერთხელ .
9.აფთიაქი ვალდებულია , რომ დაზღვეულს მიაწოდოს ინფორმაცია მედიკამენტების სრული ფასის შესახებ და მედიკამენტის რეალიზაციისას დაზღვეულს არ გადაახდევინოს აღნიშნული ფასის სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით გათვალისწინებულ თანაგადახდაზე მეტი .
10.აფთიაქი ვალდებულია რეალიზაციის ადგილას უზრუნველყოს „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სადაზღვევო ვაუჩერის პირობებით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და ამ სამკურნალო საშუალებების ექიმის დანიშნულებით ბენეფიციარისათვის მიწოდების ფორმატის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №53/ნ ბრძანებით განსაზღვრული მედიკამენტების მიწოდება.
11.იმ შემთხვევაში, როდესაც რეცეპტში მითითებულია მედიკამენტის საერთაშორისო სახელწოდება , აფთიაქი ვალდებულია დაზღვეულს შესთავაზოს შესაბამისი სავაჭრო სახელწოდებების სრული სპექტრი . ამავდროულად , თუ რეცეპტში მითითებულია მედიკამენტის სავაჭრო სახელწოდება , აფთიაქს არა აქვს მისი შეცვლის უფლება . ყოველივე აღნიშნული უნდა განხორციელდეს ადეკვატური რესურსების არსებობის პირობებში . საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №461 - ვებგვერდი, 12.12.2012წ.

