1.ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში, შესაბამისი მომსახურების (გარდა №1.12 („სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით“), №1.13 („თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია“), №1.15 („ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება“) და №1.16 („ონკოლოგიურ პაციენტთა სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტით უზრუნველყოფა“) დანართებით განსაზღვრული მომსახურებისა) მიწოდების მსურველი დაწესებულებების ახალ მიმწოდებლად რეგისტრაციაზე გამოცხადდეს მორატორიუმი, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა.
2.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს წინადადებები ამ დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელი დაწესებულებების მონაწილეობის ვადების, კრიტერიუმებისა და ვაუჩერის პირობების ადმინისტრირების გაუმჯობესების ღონისძიებების მიმართულებით საჭირო ცვლილებების თაობაზე.
3.მორატორიუმის მოქმედების პერიოდში მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები ვალდებულნი არიან: ა) შეინარჩუნონ ყველა ის სერვისი, რომელსაც ახორციელებენ პროგრამის ფარგლებში მორატორიუმის დაწყებისას; ბ) გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შეფერხების შემთხვევაში და/ან სხვა, ობიექტური აუცილებლობისას, სამინისტროს მითითებით უზრუნველყონ პროგრამის ფარგლებში იმ კომპონენტის/ქვეკომპონენტის მომსახურების მიწოდება, რომლის განხორციელების უფლებამოსილება გააჩნიათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულზე უარი/ მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულების სტატუსის შეჩერებას ყველა კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა).
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე სერვისის მიწოდებაზე სელექტიურად უარის შემთხვევაში, დაწესებულება ექვემდებარება პროგრამის ყველა კომპონენტის/ ქვეკომპონენტის მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტას, ამ დადგენილების მე-19 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
5.ამ მუხლის მიზნებისთვის ახალ მიმწოდებლად არ განიხილება პროგრამაში მიმწოდებლის სტატუსშეჩერებული დაწესებულებები.
6.ამ მუხლით გათვალისწინებული მორატორიუმის პირობები ვრცელდება ყველა პირზე, რომელიც უკვე რეგისტრირებულია პროგრამის ფარგლებში ან სურვილი აქვს, მოიპოვოს პროგრამის კომპონენტის/ ქვეკომპონენტის მიმწოდებლის სტატუსი. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის დადგენილება №72 – ვებგვერდი, 21.02.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 01.09.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №437 – ვებგვერდი, 08.11.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №525 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №477 – ვებგვერდი, 31.12.2024წ.

