1.მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის (მობრუნების) და გაჩერების წინ, მძღოლი ვალდებულია ჩართოს სიგნალების შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებლები, ხოლო თუ ისინი არ არის ან გამოსულია მწყობრიდან, ანიშნოს ხელით. ამასთან, მანევრი უნდა იყოს უსაფრთხო, რათა მოძრაობის სხვა მონაწილეებს არ შეექმნათ დაბრკოლება. მარცხნივ მოხვევის (მობრუნების) სიგნალს შეესაბამება გვერდზე გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალი მიეცემა ზემოთ აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელით.
2.მოხვევის მაჩვენებლებით ან ხელით სიგნალი მიეცემა დროულად, მანევრის დაწყების წინ და წყდება მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთან, სიგნალმა შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მოძრაობის სხვა მონაწილეები. სიგნალის მიცემა მძღოლს არ აძლევს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან.
3.მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი გზას უთმობს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითსა და ველოსიპედისტს, რომლებსაც უჭრის გზას.
4.მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად ზოლიდან ზოლში გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს თანმხვედრ სატრანსპორტო საშუალებას. ერთი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა ზოლიდან ზოლში ერთდროულად გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალებას.
5.მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული.
6.მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში მობრუნება სრულდება ამ ვაკისზე, თუ 5.8.1, 5.8.2 ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი არ არის დადგენილი. ამასთან, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება.
7.მოხვევა სრულდება ისე, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება არ აღმოჩნდეს საპირისპირო მოძრაობის მხარეს. მარჯვნივ მოხვევისას სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან.
8.თუ თავისი გაბარიტის ან სხვა მიზეზთა გამო, სატრანსპორტო საშუალება ვერ ასრულებს მოხვევას ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასაშვებია ამ წესებიდან გადახვევა, თუ უზრუნველყოფილი იქნება მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არ შეექმნება სხვა სატრანსპორტო საშუალებებს.
9.გზაჯვარედინის მიღმა, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპიროდ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაის. თუ გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მანევრისათვის, ეს უკანასკნელი შეიძლება შესრულდეს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირიდან (მარჯვენა გვერდულიდან). ამასთან, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს თანმხვედრი და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.
10.თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლი გზას უთმობს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება.
11.დამუხრუჭების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი, რომელიც აპირებს მოხვევას, დროულად უნდა გადაადგილდეს ამ ზოლზე და შემდეგ შეანელოს სიჩქარე.
12.გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი ამ ზოლზე მოძრაობისას და მეზობელ ზოლზე გადაადგილებისას გზას უთმობს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.
13.მობრუნება აკრძალულია: ა) ქვეითთა გადასასვლელზე; ბ) გვირაბში; გ) ხიდზე, გზაჯვარედინზე, ესტაკადაზე და მის ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე; ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ვ) იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია.
14.სატრანსპორტო საშუალების უკუსვლით მოძრაობა ნებადართულია, თუ ეს მანევრი უსაფრთხოა და დაბრკოლებას არ უქმნის მოძრაობის სხვა მონაწილეებს. უკუსვლით მოძრაობა აკრძალულია გზაჯვარედინზე და ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

