1.საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამის აღნიშვნებს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სისტემაში შემავალი საბაჟო გამშვები პუნქტი (შემდგომში - საბაჟო გამშვები პუნქტი). ამ მიზნით, აღნიშნული ორგანოები უფლებამოსილი არიან საქართველოში შემომსვლელ ან გამსვლელ პირს მოსთხოვონ და შეამოწმონ სათანადო სამგზავრო დოკუმენტი.
2.საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტში იმ პირთა შემოწმება, რომლებიც სახელმწიფო საზღვარს კვეთენ ფეხით, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებით, წარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით.
3.სახელმწიფო საზღვარზე ვიზას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით.
4.სასაზღვრო-გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას ზედამხედველობენ სპეციალურად გამოყოფილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები, რომლებიც უფლებამოსილი არიან საჭიროების შემთხვევაში განახორციელონ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.
5.ყალბი, ვადაგასული სამგზავრო დოკუმენტის წარდგენის, აგრეთვე სავიზო რეჟიმის დარღვევის ან/და იმ პირის ამოცნობის შემთხვევაში, რომელსაც უფლება არ აქვს შემოვიდეს საქართველოში ან გავიდეს საქართველოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ან საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი დაუყოვნებლივ აცნობებს ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ თანამშრომელს.
6.ავტობუსებითა და სატვირთო-სამგზავრო მცირე ავტობუსებით პირთა საქართველოდან უკანონო გადაყვანის გამოვლენის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლის მიერ წარმოებს სამალავების დათვალიერება.
7.დალუქული ტვირთის გახსნა და შემოწმება წარმოებს კომისიურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლის მიერ საგადასახადო ორგანოების თანამშრომლებთან ერთად, მძღოლისა და ტვირთის თანმხლები პირის თანდასწრებით.
8.კონკრეტული ინფორმაციის ან ავტოტრანსპორტის საერთო სახის დათვალიერებისას იმ პირთა გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც ცდილობენ დაარღვიონ სახელმწიფო საზღვარი, ასევე იარაღისა და ნარკოტიკული მასალების სამალავების აღმოჩენისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოებს ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალური შემოწმება.
9.ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ორგანოების მიერ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვით.
10.ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
10¹.ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის განხორცილებისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის მიხედვით, მოწმდება მონაცემები ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგრეთვე, გააჩნიათ წვდომა საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის – ინტერპოლის გენერალური სამდივნოს გატაცებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემთა ბაზასთან.
10².ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული წესით ასევე განისაზღვრება სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაგროვებისა და პუნქტის გამტარუნარიანობის შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დროებით გაჩერების ადგილები.
11.(ამოღებულია - 04.09.2025, №396). საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №521 – ვებგვერდი, 02.09.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის დადგენილება №49 - ვებგვერდი, 12.02.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის დადგენილება №279 - ვებგვერდი, 27.06.2016წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №396 - ვებგვერდი, 04.09.2025წ.

