„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 13. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სარკინიგზო, საავტომობილო, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლებით და საჰაერო მიმოსვლა ხდება იმ სასაზღვრო გამტარი პუნქტების მეშვეობით, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. 1 1 . სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამის აღნიშვნებს საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. ამ მიზნით აღნიშნული ორგანოები უფლებამოსილი არიან, საქართველოში შემომსვლელ პირს მოსთხოვონ და შეუმოწმონ პირადობის და საქართველოში შემოსვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. სასაზღვრო გამტარი პუნქტის თავზე აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა.
3. ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“ განსაზღვრავს სასაზღვრო გამტარი პუნქტების საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნის წესს.
