1.ამ კანონის 47 1 –49-ე მუხლებით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები საკუთარი რესურსების კონსოლიდაციისა და ოპტიმალური განაწილების, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის ერთობლივი ქმედებების განხორციელების, რეგიონალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიძლება ერთობლივად განახორციელოს საქართველოს რამდენიმე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების წესს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთობლივად ადგენენ.
2.ამ კანონის 47 1 –49-ე მუხლებით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები შეიძლება ერთობლივად განახორციელონ საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ/დაწესებულებებმა და დამოუკიდებელმა სამეცნიერო-კვლევითმა ერთეულმა/ერთეულებმა ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებამ ან/და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებამ.
3.ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად მის განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი და განხორციელების ფორმები. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების პროექტი უნდა შეთანხმდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან.
4.ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ერთობლივი აკადემიური ხარისხის მინიჭება ხორციელდება მისი განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მიერ, რაც განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.
5.ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მის მიერ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.(ამოღებულია - 26.07.2017, №1225) .
7.(ამოღებულია - 26.07.2017, №1225) .
8.საქართველოს მოქალაქე ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სხვა პირი ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი განმახორციელებელი დაწესებულებების წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრულ ერთ-ერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
9.სტუდენტი, რომელიც ჩარიცხულია საქართველოს რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, თითოეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეთვლება მისთვის დადგენილ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში. საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონი №673 - სსმ I, №38, 19.12.2008წ., მუხ.241 საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1225 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1430 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.


