1.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს 4 სახის: ა) აკრედიტაციის შესახებ; ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ; გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ; დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
3.საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადა 7 წელია. საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ცენტრს სააკრედიტაციოდ წარედგინა იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ხელახალი აკრედიტაციის გავლა არ უწევს, აკრედიტაცია ენიჭება ამ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე. საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 4 წლისა. საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ცენტრს სააკრედიტაციოდ წარედგინა იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ხელახალი აკრედიტაციის გავლა არ უწევს, პირობითი აკრედიტაცია ენიჭება ამ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე, მაგრამ არაუმეტეს 4 წლისა. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.
4.საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ან/და მეტწილად აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.
5.საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ნაწილობრივ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტს.
6.საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.
7.ამ კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებით ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას აკრედიტაციის საბჭო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს აკრედიტაციის ვადის განმავლობაში სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას.
8.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში: ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეზღუდება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების/აბიტურიენტების/ მაგისტრანტობის კანდიდატების/დოქტორანტობის კანდიდატების მიღების უფლება, რომელთა აკრედიტაციაზედაც უარი ეთქვა, აკრედიტაცია გაუუქმდა ან აკრედიტაციის ვადა გაუვიდა; ბ) სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს, უფლებამოსილია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) სწავლა გააგრძელოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, გადავიდეს სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა ამ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაიტანოს; გ) სტუდენტს, რომელიც აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადით უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; დ) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; ე) , რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
9.უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში სტუდენტს აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე უფლება აქვს, მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებამდე სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. სტუდენტს მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებიდან 5 წლის ვადით უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
10.(ამოღებულია - 30.03.2022, №1466) .
11.თუ სააკრედიტაციო განაცხადი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარედგინა აკრედიტაციის დებულებით განსაზღვრული სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის ვადების დაცვით და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის თაობაზე, აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე აკრედიტაციის მაძიებლის მიერ წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამა ჩაითვლება აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამად აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2078 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4787 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1934 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2480 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3041 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3444 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6285 – ვებგვერდი, 15.06.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1430 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1466 – ვებგვერდი, 06.04.2022წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1163 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

