1.საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველ სხდომას იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ადგილობრივი არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადების დღიდან ორი კვირის ვადაში, თუ საკრებულოს შემადგენლობაში არჩეულია წევრთა 2/3 მაინც. საკრებულოს სხდომებს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი წევრი.
2.საკრებულოს მორიგ სხდომებს, სამ თვეში ერთხელ მაინც, იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში - საკრებულოს მდივანი.
3.საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა: ა) გამგებლის (მერის) წინადადებით; ბ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით; გ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1/5-ის მოთხოვნით; დ) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით.
4.საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა მიერ მოთხოვნის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის ერთი კვირის ვადაში მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს. საკრებულოს წევრთა გაფრთხილებას რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ინიციატორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს აპარატის უფროსი საკრებულოს დებულებით დადგენილი წესით. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და მდივნის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობს სხდომაზე დამსწრეთაგან უხუცესი წევრი. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

