1.საკრებულოს წევრები ირჩევენ თავმჯდომარეს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და გადარჩევა ხდება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
2.საკრებულოს თავმჯდომარე: ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს, წარმართავს და დახურულად აცხადებს საკრებულოს სხდომას, მათ შორის, რიგგარეშეს; ბ) უძღვება სხდომაზე საკითხების განხილვას; გ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით დადგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვას; დ) ადგენს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების თანამიმდევრობის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას; ე) აყენებს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ვ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების მუშაობას; ზ) წარმოადგენს საკრებულოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; თ) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს წევრთა უფლებების დაცვას; ი) აკონტროლებს საკრებულოს წევრთა მიერ მოვალეობათა შესრულებისა და თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს; კ) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეთა წარდგინებით საკრებულოს კომისიებში იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს; დებს და აუქმებს მათთან ხელშეკრულებებს; საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომისიებში მოწვეულ პირთა საქმიანობას; ლ) ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს, დადგენილებებსა და სხდომის ოქმებს; მ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისა და საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – განკარგულებას; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.
3.საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. საკრებულოს თავმჯდომარეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად ენიშნება გასამრჯელო.
4.საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულო თავის წევრთა შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულოს მდივანს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.
5.საკრებულოს მდივანი ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადაყენებისას. საკრებულოს მდივანი თავმჯდომარის ან საკრებულოს დავალებით ახორციელებს ფუნქციებს საკრებულოს დებულებით დადგენილი წესითა და ფარგლებში.
6.(ამოღებულია - 23.07.99, №2338).
7.საკრებულოს მდივანმა, თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, საკრებულოს გადაწყვეტილებით, შეიძლება შეწყვიტოს საწარმოო ან სამსახურებრივი საქმიანობა და მას დაენიშნოს გასამრჯელო.
8.საკრებულოს სხვა წევრები თავიანთ უფლებამოსილებას ახორციელებენ საწარმოო ან სამსახურებრივი საქმიანობიდან მოუწყვეტლივ და უსასყიდლოდ. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №1989 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.81 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის ორგანული კანონი №2338 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.205 საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

