ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

მუხლი 23. გამგეობა (მთავრობა)

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა (მთავრობა).

2.გამგეობის (მთავრობის) უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) საკრებულოს გადაწყვეტილებათა აღსრულება; ბ) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება, წინასწარი განხილვა და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება; გ) ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, წინასწარი განხილვა და დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება; საჭიროების შემთხვევაში, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების შედგენა და საჯაროობის უზრუნველყოფა; დ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის, ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების ორგანიზების შესახებ წინადადებების მომზადება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოსათვის წარსადგენად; ე) საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ადგილობრივ ორგანოებს დაქვემდებარებული ქონებით სარგებლობა და განკარგვა; ვ) ადგილობრივი სამსახურების შექმნასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოთა შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; გამგებლის (მერის) წარდგინებით მათ ხელმძღვანელთა დანიშვნა-გათავისუფლება და მათი საქმიანობის კონტროლი; ზ) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზება; თ) კომუნალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობა და განვითარება; ი) დასახლების (დასახლებების) შიდა გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის ორგანიზება; კ) საქალაქო კომუნალური ინფრასტრუქტურის ობიექტების ელექტროენერგიის, გაზის და წყალმომარაგების სისტემათა შექმნა, მოვლა-პატრონობა და მართვის კოორდინაცია; ლ) სანიტარიული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებისა და უტილიზების ორგანიზება; მ) ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

3.იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მთავრობის უფლებამოსილებას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებისა, განეკუთვნება: ა) ქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის პროექტის განხილვა, დამტკიცებული გეგმის შესრულებაზე კონტროლი; ბ) ქალაქში სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების დამტკიცება; გ) საკრებულოსათვის წარსადგენად ქალაქში ისტორიულ-კულტურული, რეკრეაციული, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური დანიშნულების ზონების გამოყოფის, ქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმით განსაზღვრულ ზონებში მიწათსარგებლობის და საცხოვრებელი, სოციალურ-კულტურული, სამრეწველო-საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო ქსელების მშენებლობის დადგენილი ნორმებისა და წესების შესახებ წინადადებების მომზადება; კონტროლი მათ დაცვაზე. აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კულტურული მემკვიდრეობის – ისტორიულ-არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობის ძეგლების შენახვა და მოვლა-პატრონობა; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწათსარგებლობისა და ბუნებრივი რესურსების მართვისა და გამოყენების საკითხების გადაწყვეტა; ე) საიჯარო მიწის ფართობისა და ქირის ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების შესახებ წინადადებების მომზადება საკრებულოსათვის წარსადგენად; ვ) ქალაქის ტერიტორიის ზონებად დაყოფა; მიწის და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების დაცვა; ზ) ადგილობრივ ორგანოებს დაქვემდებარებული სახელმწიფო ქონების მართვა; თ) ადამიანის უფლებათა, თავისუფლებათა, საზოგადოებრივი წესრიგის და კანონიერების დაცვის კოორდინაცია და კონტროლი; ი) საკრებულოსათვის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების წარდგენა და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების უზრუნველყოფა; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების საკითხების გადაწყვეტა; განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და სპორტის ობიექტების მოვლა-პატრონობა; ლ) კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზება; მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომზადების ორგანიზებასა და სამხედრო ნაწილების სურსათითა და სამეურნეო პროდუქციით მომარაგებისათვის ხელის შეწყობა; ნ) ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საკითხების გადაწყვეტა.

4.გამგეობის (მთავრობის) სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება (დადგენილება), თუ სხდომას ესწრება გამგეობის (მთავრობის) წევრთა ნახევარი მაინც. გადაწყვეტილება (დადგენილება) მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, თუ კანონით ან დებულებით სხვა წესი არ არის დადგენილი.

5.გამგეობის (მთავრობის) წევრთა კანდიდატურებს გამგებელი (მერი) არჩევიდან (დანიშვნიდან) ორი კვირის ვადაში შესათანხმებლად წარუდგენს საკრებულოს. თუ საკრებულომ არ მისცა თანხმობა გამგეობის (მთავრობის) წევრის კანდიდატურის დანიშვნაზე, გამგებელი (მერი) უფლებამოსილია ხელახლა წარადგინოს იგივე ან ახალი კანდიდატურა. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება წარდგენილ იქნეს ორჯერ. თუ საკრებულომ ერთი თვის ვადაში გამგეობის (მთავრობის) წევრის კანდიდატურის დანიშვნას არ მისცა თანხმობა, გამგებელი (მერი) არა უმეტეს ექვსი თვის ვადით შესაბამის თანამდებობაზე ნიშნავს მოვალეობის შემსრულებელს.

6.გამგეობის (მთავრობის) წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება: ა) სამსახურიდან გათავისუფლებისას; ბ) თანამდებობიდან გადადგომისას; გ) საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადებისას; დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას; ე) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადებისას; ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას; ზ) გარდაცვალებისას; თ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისას.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილების შეწყვეტისას გამგეობის (მთავრობის) წევრი ასრულებს თავის მოვალეობებს გამგეობის (მთავრობის) შესაბამისი ახალი წევრის დანიშვნამდე. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106 საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.79

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 4

ყველა გადაწყვეტილება
  • საკასაციო არსებითი (T2)

    აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გათავისუფლებისა და ახალი მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის განკარგულებების ბათილობა და სამუშაოზე აღდგენა

    ფოთის საკრებულო და გათავისუფლებული პირი მერის განკარგულებების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მერის გადადგომა მთავრობის, მათ შორის აპარატის უფროსის, გადადგომას იწვევს, თუმცა მისი წევრები მოვალეობას ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე ასრულებენ. მოცემულ გარემოებებში ახალ მერს გადამდგარი მთავრობის წევრის გათავისუფლება საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე შეეძლო, ხოლო ახალი კანდიდატის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა სპეციალური წესით იყო უფლებამოსილი. სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა კანონთან შეუსაბამობის გამო არ გაიზიარა და სააპელაციო განჩინება უცვლელად დატოვა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების ნაწილობრივი გაუქმება, მოსარჩელეებთან იჯარის დადება და იჯარის შეწყვეტის შესახებ დადგენილებების ბათილობა

    დავა შეეხებოდა სასოფლო-სამეურნეო მიწის საიჯარო ხელშეკრულებასა და დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის დადგენილებებს. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ უნდა გამოკვლეულიყო მოქმედი იჯარის ვადის ამოწურვამდე იმავე მიწის სხვა პირისთვის გადაცემის საფუძველი. პალატამ განმარტა, რომ იჯარის მაქსიმალურ ვადად ორმოცდაცხრა წლის დადგენა არსებული ხელშეკრულების ამ ვადით ავტომატურ გაგრძელებას არ ნიშნავდა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    ბინის გამოყოფის ვალდებულების შესრულება ან სანაცვლო ფულადი კომპენსაცია

    მოსარჩელე ფოთის მთავრობისგან მოითხოვდა ბინის გამოყოფის ვალდებულების შესრულებას ან მის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის გადახდას. უზენაესმა სასამართლომ ფოთის მთავრობა თავდაპირველი ვალდებული ორგანოს უფლებამონაცვლედ მიიჩნია და დავაზე 1997 წლის სამოქალაქო კოდექსი გამოიყენა. პალატის თანახმად, შესრულების დროის განუსაზღვრელობისას კრედიტორს ვალდებულების შესრულების მოთხოვნა ნებისმიერ დროს შეუძლია, ხოლო ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როდესაც პირმა უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო ან უნდა შეეტყო. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა გადაწყვეტილება 8000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის შესახებ.

  • №592092000-04-1226
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    დუშეთის რაიონის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილების კანონიერება

    დუშეთის რაიონის გამგებელმა გაასაჩივრა საკრებულოს გადაწყვეტილება რაიონის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საკრებულომ დაარღვია ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების პროცედურა და გამგებელს წაართვა გადაწყვეტილების შენიშვნებით დაბრუნების შესაძლებლობა. ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილის უკვე შესრულების გამო სასამართლომ სადავო აქტი ბათილად ცნობის ნაცვლად ძალადაკარგულად გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანა გადაწყდა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 თებ. 2001 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
51387837524895616121023
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს საბიუჯეტო …მობილიზაციის შესახებსაქართველოს მთავრობის …სოციალური მუშაობის შეს…