1.კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
2.კომისია შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 11 წევრისაგან. კომისიის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი.
3.კომისია შედგება მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებისგან/მოხელეებისგან. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნონ აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები (მათი თანხმობით), რომელთა რაოდენობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, ამავე სააგენტოს თანხმობით.
4.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში კომისიის წევრები არიან, აგრეთვე, სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში კომისიის წევრად, კომისიის საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, შეიძლება დაინიშნოს, აგრეთვე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კომისიის წევრი შეიძლება იყოს, აგრეთვე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი.
5.კომისიის წევრები შეიძლება დაინიშნონ მათი თანხმობით. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წარმომადგენლები (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლისა), კომისიის წევრებად შეიძლება დაინიშნონ მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წინადადებითა და შესაბამისი დაწესებულების თანხმობის საფუძველზე.
6.კომისიის მუშაობაში, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება, მოწვეული იქნენ კომისიის უფლებამოსილების სფეროსადმი მიკუთვნებულ საკითხებში კომპეტენტური, შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ექსპერტები/სპეციალისტები და სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, მათ შორის, სააგენტოს წარმომადგენლები. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრულ შემთხვევაში, სათათბირო ხმის უფლებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებს აგრეთვე სააგენტოს/განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ერთეულის თანამშრომელი. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის დადგენილება №194 - ვებგვერდი, 18.04.2017წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №686 - ვებგვერდი, 31.12.2019წ.

