„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 7. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭო შედგება 5 წევრისაგან. საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 2 დამოუკიდებელი წევრი.
2. საბჭოს დამოუკიდებელი წევრი უნდა იყოს მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და უმაღლესი ფინანსური, ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი. არ შეიძლება ის ბოლო 6 თვის განმავლობაში იყოს კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მოქმედი ან ყოფილი ადმინისტრატორი ან/და მას ჰქონდეს სხვა სახის ინტერესთა კონფლიქტი.
3. საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ირჩევენ კომერციული ბანკები და მიკრობანკები ფარული კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. კენჭისყრას ორგანიზებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკი.
4. საბჭოს დამოუკიდებელ წევრად ასარჩევი პირის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ყველა კომერციულ ბანკსა და მიკრობანკს. კენჭისყრის ჩატარების დროსა და პროცედურებს კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებს აცნობებს საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამის თარიღამდე არაუგვიანეს 10 დღისა.
5. საბჭოს თითოეული დამოუკიდებელი წევრის ასარჩევად კენჭისყრა ინდივიდუალურად ტარდება. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის არჩევაში მონაწილეობენ მხოლოდ კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების უფლებამოსილი წარმომადგენლები. თითოეულ კომერციულ ბანკსა და მიკრობანკს აქვს 1 ხმის უფლება. კენჭისყრა ჩატარდება, თუ მასში კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების 2/3 მონაწილეობს.
6. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის ასარჩევ კენჭისყრაში გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
7. თუ საბჭოს დამოუკიდებელი წევრის ასარჩევ პირველ კენჭისყრაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებს შორის.
8. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 5 წელია. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მისი განმეორებით არჩევა შეზღუდული არ არის.
9. საბჭოს სხვა წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის ვადით.
10. საბჭოს 1 წლის ვადით, როტაციის პრინციპით თავმჯდომარეობენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ თანამიმდევრობით.
