1.ეს მეთოდური მითითებები ადგენს საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიებზე ხმაურის დონის ზედამხედველობის წესს ჰიგიენური შეფასების მიზნით.
2.ხმაურის დონის ჰიგიენური შეფასება საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივი დაწესებულებების შენობების სათავსებში შესაძლებელია ჩატარდეს ნებაყოფლობით დაინტერესებული მხარის მოთხოვნით: ა) შენობის ექსპლუატაციაში მიღების წინ – კერძო საცხოვრებელი სახლების (მრავალბინიანის გარდა) და სააგარაკე ნაგებობების მშენებლობის გარდა; ბ) საცხოვრებელ სახლზე მიშენებული, მასში ჩაშენებული ობიექტების, აგრეთვე საცხოვრებელ განაშენიანებასთან ახლოს განთავსებული ობიექტების (რომლებსაც შეუძლიათ საცხოვრებელ სათავსებში ხმაურის მომატებული დონის შექმნა) ექსპლუატაციაში მიღების წინ.; გ) იურიდიული და ფიზიკური პირების განცხადებების საფუძველზე; დ) აკუსტიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებების შესამუშავებლად ინფორმაციის მისაღებად.
3.ხმაურის ჰიგიენური შეფასების ჩაუტარებლობა ან/და მისი შედეგი არ შეიძლება გახდეს შენობის/ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
4.საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში ხმაურის ძირითადი წყაროებია: ა) ხმაურის გარე წყაროები: ტრანსპორტი, საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაოს წარმოება, (სამშენებლო, სარემონტო და სხვ.), თავისი ფუნქციონირების დროს ხმაურის მაგენერირებელი ობიექტები, სამრეწველო საწარმოები; ბ) ხმაურის შიდა წყაროები: საინჟინრო-ტექნოლოგიური აღჭურვილობა (ლიფტების, სავენტილაციო და ჰაერის კონდიცირების სისტემების აღჭურვილობა, სატუმბი აღჭურვილობა, საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი სხვა სისტემები), საწარმოო და სხვა აღჭურვილობა საზოგადოებრივ შენობებში; გ) ჩაშენებულ და მიშენებულ სათავსებში განთავსებული ობიექტები.
5.ხმაურის ჰიგიენური შეფასება ხდება შესასწავლ სათავსში ან განაშენიანების ტერიტორიაზე გავლენის მქონე ხმაურის ყველა წყაროს გათვალისწინებით. ამასთან, მხედველობაში მიიღება ხმაურის ცალკეული წყაროს გავლენის თავისებურებები.
6.ხმაურის დონის გაზომვა ტარდება ცალ-ცალკე დღისა და ღამის საათებში. გაზომვისათვის შეირჩევა დროის ისეთი პერიოდი, რომელიც დამახასიათებელია ხმაურის რეჟიმისათვის კონტროლის მთელ პერიოდში.
7.ხმაურის ცალკეული წყაროს გავლენის ხვედრითი წილის შეფასების მიზნით, ხმაურის დონის გაზომვა ხდება ცალკეული წყაროს თანმიმდევრული გამორთვისა და ჩართვის გზით.
8.ხმაურის ჰიგიენური შეფასების მიზნით, ხმაურის პარამეტრების გაზომვა ხორციელდება შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის მიერ, კანონმდებლობით გასაზღვრული წესით დამოწმებული ხმაურმზომი მოწყობილობების გამოყენებით.
9.ხმაურის ჰიგიენური შეფასებისას გაზომვა არ უნდა ჩატარდეს ღია ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექებისა და 5 მ/წმ-ზე მეტი ქარის შემთხვევაში. ქარის 1-5 მ/წმ სიჩქარის დროს გამოყენებული უნდა იქნეს ქარსაწინააღმდეგო მოწყობილობა (ფარი).
10.ხმაურის ჰიგიენური შეფასებისას აღჭურვილობის მიერ გენერირებული ხმაურის გაზომვის ორგანიზაციის დროს მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები ფონური ხმაურის დონის შესამცირებლად: ა) იმ შემთხვევაში, თუ აღჭურვილობის მიერ გენერირებული ხმაურის დონესა და მის ფონურ მნიშვნელობას შორის სხვაობა არ აღემატება 10 დბA-ს, გაზომვის შედეგებში უნდა შევიდეს შესწორებები (ცხრილი 1): ცხრილი 1 ფონური ხმაურის დონის გათვალისწინება სხვაობა გაზომილი და ფონური ხმაურის დონეებს შორის 3 4-5 6-9 10 და მეტი გაზომილი ხმაურის დონის შემცირების სიდიდე 3 2 1 0 ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც უნდა შეფასდეს აღჭურვილობის მუშაობის გავლენა ხმაურის დონეზე, პირველად გაზომვები ტარდება აღჭურვილობის მუშაობის რეჟიმში, შემდეგ კი გაჩერებული აღჭურვილობის დროს; გ) თუ სხვაობა გაზომილი და ფონური ხმაურის დონეებს შორის 3 დბ A-ზე ნაკლებია, გაზომვის შედეგები სარწმუნო არ არის; დ) თუ სათავსში ან ტერიტორიაზე გაზომილი ხმაურის ჯამური დონე ხმაურის ყველა წყაროდან არ აღემატება დასაშვებ დონეს, ფონური ხმაურის გაზომვა არ ხდება.
11.ხმაურის დონის გაზომვის დროს შენობის ექსპლოატაციაში მიღებისას ავეჯისაგან ცარიელ ბინაში მიღებული შედეგისაგან ხდება 2 დბA-ს გამოკლება.
12.იმ შემთხვევაში, როდესაც ხმაურის მნიშვნელოვანი წყაროა ტრანსპორტი, გაზომვები ტარდება პიკის საათებში სახლის დაბალი, საშუალო და მაღალი სართულების ბინების იმ სათავსებში, რომლებიც ფანჯრებით ორიენტირებულია სატრანსპორტო მაგისტრალებზე. ამ დროს სათავსის შიდა (საინჟინრო-ტექნოლოგიური) აღჭურვილობა ფუნქციონირებს ჩვეულებრივ რეჟიმში.
13.თუ ხმაურის წყარო მუშაობს სხვადასხვა რეჟიმში, გაზომვა ტარდება წყაროს მაქსიმალური დატვირთვით მუშაობის რეჟიმში.
14.ჰიგიენურ შეფასებას არ ექვემდებარება ისეთი ხმაური, რომელიც განპირობებულია: ა) ბუნებრივი და შემთხვევითი მოვლენებით; ბ) ადამიანების მოქმედებით, მათ მიერ სიჩუმისა და საზოგადოებრივი სიწყნარის დარღვევით საცხოვრებელ შენობებში და მიმდებარე ტერიტორიაზე (ბგერის წარმომქმნელი აპარატურის მუშაობა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება, ხმამაღალი საუბარი და სიმღერა, რაიმე საყოფაცხოვრებო სამუშაოს შესრულება, ხელით შესასრულებელი დატვირთვა-გადმოტვირთვითი სამუშაოების ჩატარება, კარების ხმაურით დახურვა და ა.შ.); გ) ბგერითი სიგნალებითა და ბგერითი დაცვითი და საავარიო სიგნალიზაციით; დ) ავარიულ-სამაშველო და ავარიული სარემონტო სამუშაოებით, ავარიის, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო მდგომარეობების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებით, რომლებიც არ ატარებს რეგულარულ ან გეგმურ ხასიათს; ე) მასობრივი ღონისძიებების ჩატარებით (მიტინგები, ქუჩის მსვლელობები, დემონსტრაციები და სხვ.).

