1.საჯარო განხილვის ორგანიზებასა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელი ორგანოებია: ა) გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სკოპინგის ანგარიშის და გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვისას – საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი); ბ) სგშ-ის ანგარიშისა და სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვისას – დამგეგმავი ორგანო.
2.სამინისტრო/დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს: ა) საზოგადოებისთვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და აღნიშნულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დროული, ეფექტიანი და ადეკვატური საშუალებებით მიწოდებას; ბ) საზოგადოებისთვის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობას; გ) საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობას და მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობას; დ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების, ასევე საჯარო განხილვის შედეგების მხედველობაში მიღებას, აგრეთვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას; ე) საჯარო განხილვის ორგანიზებასთან, მათ შორის, საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.

